ახალი ამბები
საპროტესტო აქცია ქუთაისში გვირილობის დღესასწაულის პარალელურად
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე "კოლხურ შადრევანს" მოქალაქეებმა, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს.  ამით ქუთაისიდან პარლამენტის შესაძლო გადატანა გააპროტესეს. 

"დღეს ჩამოსულ სტუმრებს, ოფიციალურ დელეგაციებს და მთავრობის წევრებს გვინდა ხმამაღლა ვუთხრათ, რომ ნუ ამოიღებენ კონსტიტუციიდან ამ ჩანაწერს, რადგან ქუთაისში პარლამენტის ყოფნა ქალაქისთვის გადამწყვეტია," - აღნიშნა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ქეთევან ბერძენიშვილმა.

ცოცხალ ჯაჭვს პოლიტიკური მოძრაობა "ევროპული საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძეც შეუერთდა, რომელსაც მიაჩნია, რომ ქუთაისის უკეთესი მომავალი მის საპარლამენტო სტატუსთანაა დაკავშირებული.

"ბოლომდე დავიცავთ ამ სტატუსს, საპარლამენტო სხდომებითაც და მსგავსი სიმბოლური აქციებითაც. არ შეიძლება ქალაქის მომავალი დააყენო ეჭვქვეშ მხოლოდ იმიტომ, რომ დეპუტატებს ეზარებათ თბილისიდან ქუთაისში ჩამოსვლა. კეთილი ვინებოთ, არ დავიზაროთ და ვიაროთ ქუთაისშიც, თელავშიც, ზუგდიდშიც და მთელ საქართველოშიც,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ქუთაისში პარლამენტის დატოვების მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერებს აგროვებს. ამ იდეის მომხრეებს ხმის მიცემა, ასევე ონლაინ რეჟიმშიც შეუძლიათ.



Print