ახალი ამბები
ქუთაისში სოციალურ საწარმოებში შექმნილი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში "მონპლაზირის თაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივ სოციალურ საწარმოებში შექმნილი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

ხელთნაკეთი სამკაულები, აქსესუარები, ხატები, ყვავილები და დეკორები - ეს ის ნივთებია, რომელთა შეძენა  (2 ლარიდან 30 ლარმდე)დღეს ქალაქის სტუმრებს შეუძლიათ. ისინი გამორჩეული იმითაცაა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერაა დამზადებული.

შპს "თერნალი+" ქუთაისში მოქმედი ერთ-ერთი სოციალური საწარმოა, რომელიც სახალხო დღესასწაულში პირველად მონაწილეობს, რომელმაც გამოფენაზე მათ მიერ დამზადებული იმერული ჩაის სხვადასხვა პროდუქტი და ხილის ჩირი წარმოადგინეს.

"ჯერჯერობით პატარა საწარმო ვართ, მხოლოდ გასულ წელს ჩამოყალიბდა და ამიტომ მცირე პროდუქცია გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ასორტიმენტს გავზრდით," - განაცხადა ქუთაისი პოსტთან საუბარში სოციალური საწარმო "თერნალი+"-ის წარმომადგენელმა.

მიმდინარე წელს ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულს, შშმ ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების წინააღმდეგაა მიმართული ანტი-სტიგმა საკომუნიკაციო კამპანია "დაინახეყველაფერი" უერთდება.

ის გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივითა და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში პარაორკესტრის წევრები მსურველებს სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას ასწავლიან, დღის ბოლოს აქტივობები კონცერტით დასრულდება.

გვრილობის დღესასწაული ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

ქუთაისში "გვირილობა" მე-20 საუკუნის დასაწყისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაულია. ტრადიციულად, ამ დღეს უწოდებდნენ "თეთრი გვირილის", თეთრი ყვავილის, ტუბერკულოზის დღეს.

"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს. ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.

აქცია შვედეთიდან ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებსაც მოედო.




Print