ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო სკოლაში ჩამონგრეული ჭერი აღადგინეს
FaceBook
ქუთაისის #2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის დროს ჩამონგრეული ჭერი აღადგინეს. როგორც სკოლის დირექციაში განმარტავენ, აღდგენასთან ერთად, ჭერის გამყარება მოხდა დამატებითი კონსტრუქციებით.

სკოლის დირექტორი, მურად ჯიშკარიანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ შემთხვევის შემდეგ ადგილზე სპეციალისტები მივიდნენ და ჭერის ჩამონგრევის მიზეზად ორპირი ქარი დაასახელეს.

"მათი განცხადებით არანაირი დარღვევა არ ყოფილა. მხოლოდ ეს იყო, რომ ორივე ფანჯარა ღია ყოფილა და მოგეხსენებათ, ქუთაისში როგორი ძლიერი ქარი იცის", - ამბობს მურად ჯიშკარიანი.

ქუთაისში, #2 საჯარო სკოლაში, ჭერი სასწავლო პროცესის დროს ჩამოინგრა. შემთხვევა 28 აპრილს მოხდა, რომლის თაობაზე ინფორმაცია ქუთაისიპოსტმა გაავრცელა. 

სასწავლებლის მეორე სართულზე რეაბილიტაცია გასულ წელს ჩატარდა. სკოლის დირექტორის თქმით, ამჯერად, უსაფრთხოების მიზნით, ჭერს სხვა საკლასო ოთახებშიც გაამყარებენ. მურად ჯიშკარიანი ამბობს, რომ ეს პროცესი ზაფხულში დასრულდება.

"ცხოვრება გამოცდილებასაც გვაძლევს. პრობლემურ ოთახებში ჭერს გავაძლიერეთ. ნათურების კონსტრუქციები რომ ჩამოვარდნილიყო, მაშინ ალბათ, შედეგი უფრო მძიმე იქნებოდა", - განმარტავს სკოლის დირექტორი.
Print