ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ, წლის სამედიცინო დაწესებულებად, საკრებულოს წევრის კლინიკა დაასახელა
FaceBook

ქუთაისის მერიამ "წლის ბიზნესი 2016" ფარგლებში საკრებულოს წევრის, ზაზა ლომინაძის კლინიკა "ლჯ"  წლის საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებად დაასახელა. რისთვისაც ზაზა ლომინაძეს მერიისგან სპეციალური პრიზიც ერგო.



მერიამ "წლის ბიზნესი 2016"-ის ფარგლებში გამარჯვებულები 28 აპრილს დააჯილდოვა. კონკურსში მონაწილე 46 კომპანიიდან თვითმმართველობის რჩეული 15 ორგანიზაცია გახდა.  გამარჯვებულებს შორის იყვნენ ის კომპანიებიც, რომლებმაც იგივე ნომინაციაში პრიზები გასულ წელსაც მიიღეს. მაგალითად, "წლის ბიზნესი 2015"-ის წლის დამსაქმებლის ნომინაცია საზოგადოება "იმერს" მიენიჭა, კომპანიას წელსაც იგივე სტატუსი ერგო.

ნომინაციაში ქალი მეწარმე - შპს"გურმანის"მფლობელი ფატი გრიგოლავა, წლის ბიზნესი 2016-ის  ექსპორტიორი – დავით ჩაფრავა; წლის სამრეწველო კომპანია - შპს "ექსტრა მითი"; წლის ტურისტული კომპანია - ,,ვანდერლენდი" - ეს ის კომპანიებია, რომლებმაც მერიის მიერ დაწესებულ კონკურში, იგივე ნომინაციებში გამარჯვება წინა წელსაც "მოიპოვეს".

ადგილობრივი თვითმმართველობისგან მადლობის სიგელები კონკურსში მონაწილე ყველა კომპანიამ  მიიღო.

ღონისძიება ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ინიციატივით წელს მეორედ ჩატარდა.


 

Print