ახალი ამბები
1 მილიონ ლარზე მეტი 5 წელიწადში ხარაზოვის ბაღის რეაბილიტაციისთვის
FaceBook
საფიჩხიაზე, ხარაზოვის სახელობის ბაღს 5 წლის შემდეგ რეაბილიტაცია კიდევ ერთხელ ჩაუტარდება.
ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით, ბაღი განმეორებით რეკონსტრუქციას საჭიროებს.

"დრო რომ გადის, ყველაფერი საჭიროებს განახლებას. გზას რომ დავაგებთ, რამდენიმე წელიწადში ისევ გასაკეთებელია. ამ შემთხვევაშიც ასეა", – ამბობს შოთა მურღულია.

ქუთაისის მერიამ ბაღის განახლებისთვის 473 123 ლარიანი ტენდერი (SPA170005546) უკვე გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით, რეაბილიტაცია სკვერში არსებულ ტერიტორიასა და შადრევანს უნდა ჩაუტარდეს.

ტენდერში მონაწილეობის ვადა მიმდინარე წლის 3 მაისს სრულდება.

გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების განსახორციელებლად 3 თვიანი ვადა აქვს.

ხარაზოვის ბაღს რეაბილიტაცია ბოლოს 2012 წლის ზაფხულში ჩაუტარდა. მაშინ, ამ მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 640 ათასი ლარი დაიხარჯა.
სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჰოლანდიურმა კომპანიამ Dutch Design Garden განახორციელა.

2012 წელს ხარაზოვის ბაღში მოეწყო მწვანე ზოლი, სარწყავი სისტემა, განათება და შადრევანი.

2012 წელს ჩატარებულ და მიმდინარე წელს დაგეგმილ რეაბილიტაციას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 1 მილიონ 100 000 ლარზე მეტი ხმარდება.




Print