ახალი ამბები
"მეტოქეს ქუთაისურად ლამაზ ნოკაუტს დავუბრახუნებ" - მოკრივე ავთანდილ ხურციძე გულშემატკივრებს
FaceBook
ქუთაისელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის სოციალური ქსელით გავრცელებული ვიდეოთი მიმართავს და მადლობას უხდის.

მან განსაკუთრებული მადლობა იმ 10 ქართველს გადაუხადა, რომლებიც ინგლისში, ქალაქ ლესტერში გამართულ ორთაბრძოლას დაესწრო.

მიმდინარე წლის 22 აპრილს, ლესტერში ავთანდილ ხურციძემ ბრიტანელ მოკრივეს, ტომი ლენგფორდს ნოკაუტით მოუგო და საშუალო წონაში WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

"როგორც გავიგე, ინგლისში ქართული დიასპორა ყოფილა და გული მწყდება, რომ ასეთი უყურადღებონი ვართ. გვიყვარს გრძელი სიტყვები, ლამაზი სადღეგრძელოები, ვამაყობთ ქართველობით, სინამდვილეში კი საქართველოს სახელისა და ერთმანეთისთვის ნაბიჯების გადადგმა, ერთმანეთის მხარდაჭერა არ გვიყვარს და ეს ცუდია. იმედია, შემდეგში, თუკი კვლავ მომიწევს ინგლისში ჩამოსვლა, ეს ყველაფერი გამოსწორდება და ყველა ემიგრანტი მოვა, ერთ მუშტად შევიკრებით," - ამბობს ქუთაისელი მოკრივე ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, დარბაზში მყოფ ქართველ გულშემატკივრებს შეურაცხყოფა მიაყენეს, ქართული დროშები წაართვეს და წყლიანი ბოთლები ესროლეს.

მოკრივე იმედოვნებს, რომ მომავალში მას მხარდაჭერას უფრო მეტი ქართველი ემიგრანტი გამოუცხადებს.

"სამომავლოდ გავითვალისწინოთ, რომ, როცა მეტოქეს ქუთაისურად ლამაზ ნოკაუტს დავუბრახუნებ, ყბაში დავკრავ და კუთხეში დავაძინებ, ვეტყვი, არ ადგე, თორემ უარესს გიზამ-მეთქი, გვერდით ათ ქართველზე მეტი უნდა მყავდეს", - თქვა ხურციძემ.

ტომი ლენგფორდისთვის ავთანდილ ხურციძესთან ორთაბრძოლა კარიერაში პირველი მარცხია. მანამდე მან 18-ჯერ მოიგო. 37 წლის ქართველი მოკრივესთვის კი ეს 33-ე გამარჯვებაა. მის ანგარიშზე ასევე 2 ფრე და 2 მარცხია.

ამჯერად, ავთანდილ ხურციძე WBO-ს სრულფასოვან ჩემპიონს, ჯო სონდერს უნდა შეხვდეს.

ქუთაისელ მოკრივეს სპორტის ოსტატი მურთაზ ბებია წვრთნიდა.


Print