ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია 2018 წლამდე გადაიდო
FaceBook
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაცია, ერთი წელი არ განხორციელდება.
ობიექტის  რეკონსტრუქცია, რომელიც მიმიდინარე წელ იყო დაგეგმილი,  2018 წლისთვის, ფინანსების არარსებობის გამო გადაიდო.

თეატრის ბედი ახლა იმაზეა დამოკიდებული, გაითვალისწინებს თუ არა კულტურის სამინისტრო, მომავალი წლის ბიუჯეტში, ქუთაისის თოჯინების თეატრის შენობის რეაბლიტაციისთვის  ერთ მილიონამდე ლარს.

სწორედ ეს თანხაა საჭირო შენობის რეკონსტრუქციისთვის, რომელიც ჯერ კიდევ  2016 წელს დაიგეგმა. ქუთაისის მერიამ ამ მიზნით 2017 წლის ბიუჯეტში 100 000 ლარიც გამოყო. დარჩენილი თანხა კი,  რეგიონალური განვითარების ფონდის დახმარებით უნდა ანაზღაურებულიყო.

თოჯინების თეატრი თანხის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც 2016 წლის მიწურულს კულტურის სამინისტრომ ყველა სახელმწიფო თეატრის ხარჯები გადაიბარა და ამ პასუხისმგებლობისგან ადგილობრივი თვითმმართველობა გაათავისუფლა. თუმცა, უწყებას მიმდინარე წლის ბიუჯეტში თოჯინების თეატრის რეაბილიტაციის ხარჯი არ გაუთვალისწინებია.

"2016 წელს ჯერ კიდევ ქალაქის ბალანსზე ვიყავით და ის გვაფინანსებდა, რადგან არავინ იცოდა გადავიდოდით თუ არა სახელმწიფოს დაფინანსებაზე.
სამინისტროს კი, რეაბილიტაციის თანხა ბიუჯეტში არ ჰქონდა გათვალისწინებული. ახლა დაგეგმილი გვაქვს მინისტრთან შეხვედრა და იმედი გვაქვს, რომ ჩაისმება 2018 წლის ბიუჯეტში. ვნახოთ რას გადაწყვეტს სამინისტრო", - ამბობს იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე.

იმის გამო, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას სახელმწიფო თეატრების დაფინანსება აღარ ევალება, ქუთაისის მერიამ 2017 წლის ბიუჯეტიდან ის 100 000 ლარიც ამოიღო, რომელიც თოჯინების თეატრის რეკონსტრუქციას უნდა მოხმარებოდა და თანხა სხვა მიმართულებით გადაანაწილა.

ამის მიუხედავად, ლევან გაბრიჭის თქმით, ქუთაისის მერია თეატრის რეაბილიტაციაში ფინანსურ თანამონაწილეობას მაინც მიიღებს და სამუშაოებისთვის საჭირო თანხის 20%-ს აანაზღაურებს.

ქუთაისში არსებული სახელმწიფო თეატრები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2017 წლამდე ფინანსდებოდა.

ამ მიზნით, ქუთაისის მერია ყოველწლიურად 3 მილიონამდე ლარს ხარჯავდა.

Print