ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გარემოვაჭრეებისთვის ე.წ. პავილიონების გაკეთებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს "ლეიბორისტი" დეპუტატი სამსონ გუგავა ქუთაისის მერიას გარემოვაჭრეებზე მეტი პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ქალაქის ხელისუფლებამ იმ ადამიანებზე უნდა იზრუნოს, რომლებიც გარევაჭრობის აკრძალვით ყოველდღიური შემოსავლის გარეშე რჩებიან.

სამსონ გუგავამ 26 აპრილის საკრებულოს სხდომაზე გამოსავლის სახით მერიას ე.წ. პავილიონების გაკეთება შესთავაზა. 

"ვინაიდან ქუთაისის მერიამ დაიწყო გარევაჭრობის რეგულაცია და მოქალაქეები აყარეს ადგილებიდან, შესაბამისად, ვალდებულიცაა რომ მათზე აიღოს პასუხისმგებლობა. გამოიძებნოს თანხა ამ მიმართულებით და მოეწყოს თანამედროვე, ევროპული ტიპის პავილიონები იმ ადგილზე, სადაც წლებია ხორციელდება გარევაჭრობა. ამით ჩვენ ათასობით ადამიანს გადავარჩენთ,"  - ამბობს სამსონ გუგავა.

ქუთაისის მერია პავილიონების მოწყობაში გამოსავალს ვერ ხედავს, რადგან მათი თქმით, მალფუჭებადი პროდუქტი და სურსათი ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურაშიც ვერ გაიყიდება.

"ვინც ყიდის სურსათს, ისინი უნდა შევიდნენ ბაზრის ტერიტორიაზე, რადგან ყველა ასეთი სახის პროდუქტი ექიმის მიერ უნდა იყოს შემოწმებული. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები ქუჩაში ვერ იქნება დაცული", - ამბობს ქუთაისის მერიის არიქტეტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი. 

ქუთაისის მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს ბაზრების შიდა ტერიტორიებზე სთავაზობს, თუმცა გარემოვაჭრეები ყოველდღიური მაღალი გადასახადის მიზეზით შეთავაზებაზე უარს ამბობენ. 

ქალაქის მასშტაბით ბაზარში დასაქმებულისთვის ყოველდღიური გადასახადი დღეში 1 ლარიდან იწყება, თუმცა, ე.წ. ჩეკის თანხის რაოდენობა სავაჭრო დახლის მდებარეობასა და მოცულობაზეა დამოკიდებული. 

ქუთაისში გარევაჭრობის რეგულაცია მიმდინარე წლის 24 აპრილს, ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეთა დახლების აღებით დაიწყო.

ამავე თემაზე:

ქუთაისში ე.წ კეჩის ბაზრობაზე გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს

გარემოვაჭრეთა დახლებს ქუთაისის ცენტრალურ ბაზართანაც აიღებენ

ქუთაისში გარემოვაჭრეების სანიტარული კონტროლი არ ხორციელდება

როგორ გამოიყურება ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირი გარემოვაჭრეების დახლების აღების შემდეგ (ფოტო)

გარემოვაჭრეთა პროტესტი და ქუთაისის მერიის გეგმა (ვიდეო)

"დაუმორჩილებელ გარემოვაჭრეებს პოლიციას გადავცემთ" - ქუთაისის მერია



Print