ახალი ამბები
"ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის ადგილი სხვა რუკით გასაჩივრდა" - შოთა მურღულია
FaceBook
ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. საკრებულოს დეპუტატმა ნატო ქათამაძემ მშენებლობა გააპროტესტა და განაცხადა, რომ ბენზინგასამართი სადგური არა მესამე ზონაში, არამედ მეორეში შენდება, რაც კანონდარღვევაა.

მისი თქმით მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მას სასამართლოში სარჩელიც აქვს შეტანილი.

საკრებულოს დეპუტატი საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, რის შემდეგაც მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა სხდომათა დარბაზში ქალაქის განაშენიანების რუკა შემოიტანა.

"ეს არის ტყუილი, თვითონ ქალბატონი ნატოც შეცდა, რადგან სარჩელი სხვა რუკის მიხედვით შეიტანა სასამართლოში. მას ეგონა, რომ ფასების მიხედვით ხდება ზონის განსაზღვრა, სინამდვილეში ასე არ არის. მას არც ჰქონდა ეს რუკა ნანახი", - განაცხადა შოთა მურღულიამ.



არქიტექტურის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭიშვილის განცხადებით, ქალაქის განაშენიანების რუკის მიხედვით ბენზინგასამართი სადგური მესამე ზონაში შენდება. 

"ფასების რუკა სხვაა, იქ ცალკე ხდება ზონირება, ეს კი არის არქიტექტურული რუკა, რომლის მიხედვითაც,  ბენზინგასამართი სადგური მესამე ზონაში მდებარეობს", - განაცხადა ბაქარ ჭეიშვილმა.

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა მოსახლეობამ რამდენჯერმე გააპროტესტა.

სასამართლომ მშენებლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უკვე შეაჩერა.
Print