ახალი ამბები
პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხზე შექმნილ ჯგუფს "ევროპა ჩვენ სახლია" გამოეთიშა
FaceBook
პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხზე შექმნილ საინიციატივო ჯფუფს, რომელიც 15-მდე არასამთავრობო და პოლიტიკური პარტიას აერთიანებდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენ სახლია" გამოეთიშა.

ამის შესახებ თვითონ ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია გოქაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

"შეუთანხმებლობის მიზეზი იყო ჩანაწერი, სადაც საუბარი იყო ოპოზიციის როლზე და ეს ამოვარდა დოკუმენტიდან. საკომიტეტო მოსმენები, პარლამენტის აპარატის საქმიანობა მთლიანად თბილისშია გადასული, ამიტომ ოპოზიციას, რომელიც დეკლარირებს და ღიად უჭერს მხარს ამ ნორმის დაცვას კონსტიტუციაში, მოვუწოდებთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ, უარი თქვან პარლამენტის საკომიტეტო და აპარატის თბილისში მუშაობაზე", - ამბობს გია გოქაძე.

პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით საინიციატივო ჯგუფის შექმნის მიზეზი გახდა საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილება, კონსტიტუციის 48-ე პრიმა მუხლი, სადაც პარლამენტის ადგილსამყოფელად განსაზღვრული ქუთაისი შესაძლოა შეიცვალოს და კონსტიტუციაში საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი საერთოდ არ იქნას მითითებული.

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე განმარტავს, რომ "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლების უკმაყოფილების მიზეზი პარლამენტსა და საკონსტიტუციო კომისიაში გაგზავნილი ღია წერილი გახდა, სადაც საქართველოს პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირების საკითხზე იყო საუბარი.
Print