ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს პატიმრობის ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდა
FaceBook
ქუთაისის  საკრებულოს დეპუტატს, ლაშა გვენეტაძეს სასამართლომ პატიმრობის ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივა. მიმდინარე წლის 25 აპრილის სასამართლოს სხდომაზე, მოსამართლემ ლაშა გვენეტაძისთვის, მისი ძმის შოთა გვენეტაძისა და მეგობრის, შიო ჯანელიძის მიმართ გირაოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გირაოს შეფარდება მხარემ უკვე მესამედ მოითხოვა. 

საქმის ადვოკატის, გიორგი დვალიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობს.

"რისთვისაც მოითხოვა ბრალდების მხარემ, ის შედეგი ვერ ვნახეთ სწორედ. ვერც ერთი დამატებითი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა დღეს ბრალდებამ", - განაცხადა გიორგი დვალიშვილმა ქუთაისიპოსტთან საუბარში.

პროკურატურა მიიჩნევს, რომ ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში მათი მიმალვის საფრთხე არსებობს.  

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ძმასთან და მეგობართან ერთად,  მამის საფლავის გაძარცვის გამო, მათი ვარაუდით, ძარცვაში ეჭვმიტანილის ცემის ფაქტზე, სამართალდმაცავებმა მიმიდინარე წლის 7 თებერვალს დააკავეს.

დაკავებულებს,  ბრალი 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი,  რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გვენეტაძეებისა და მათი მეგობრის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 25 მაისს ჩაინიშნა. 


ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

გაძარცვული საფლავი და დაკავებული დეპუტატი (ფოტო)

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში უფლებამოსილება შეუჩერდება


Print