ახალი ამბები
გარემოვაჭრეთა დახლებს ქუთაისის ცენტრალურ ბაზართანაც აიღებენ
FaceBook
ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა, ქალაქის ცენტრალური ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, გარემოვაჭრეების დახლების აღება დაიწყო.
გარემოვაჭრეთა მაგიდებისგან, მერიის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 24 აპრილს, გვიან ღამით, სრულად გაათავისუფლეს ჭავჭავაძის გამზირი.

მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მოადგილის, ზურაბ დიდბარიძის განცხადებით, ე.წ. კეჩის ბაზრობის შემდეგ, გარევაჭრობა ქალაქის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეც აიკრძალება.

"ჯერ გავაფრთხილებთ და შემდეგ ამ ტერიტორიასაც გავათავისუფლებთ. არის კიდევ რამდენიმე ლოკალური ადგილი, მაგრამ ისინი ჭავჭავაძისა და მწვანე ბაზრის მსგავსად რთული არ არის", – განაცხადა ზურაბ დიდბარიძემ ქუთაისიპოსტთან საუბარში.

მისივე თქმით, გარემოვაჭრეთა დახლების აღების შემდეგ, ადგილს პატრულის თანამშრომლები გააკონტროლებენ.

"კიდევ რომ არ გამოვიდნენ, ალბათ, პოლიციის დახმარება დაგვჭირდება, რადგან, ჯარიმის დაწერის უფლება მხოლოდ მათ აქვთ",–განაცხადა ზურაბ დიდბარიძემ.

არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებმა, ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეთა დახლების დემონტაჟი 24 აპრილს, 20:30 საათზე დაიწყეს.


Print