ახალი ამბები
სტუდენტ გოგონაზე მეზობელი ბიჭის მიერ ძალადობის ფაქტს შსს იძიებს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 23 წლის გოგონას მიმართ, მეზობელი ბიჭის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

გოგონა ქუთაისის ერთ–ერთ უნივერსიტეტში სწავლობდა და საკუთარ სახლში მარტო ცხოვრობდა. თუმცა, მისი თქმით, მას შემდეგ რაც მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, სახლში მარტო დარჩენის შიში გაუჩნდა და სწავლას თავი დაანება.

23 წლის გოგონა ჩვენთან საუბარში ჰყვება, რომ მამაკაცი, რომელმაც მასზე იძალადა, მისი მეზობელია და ადრე მის ბიძასთანაც კონფლიქტი ჰქონდა. ის იხსენებს, რომ მამაკაცის მხრიდან ძალადობის და სახლში შეჭრის მცდელობას რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა. თუმცა, დაზარალებულის თქმით, ყვირილით და მეზობლების ჩარევით თავს იხსნიდა.

ფაქტს ადასტურებენ გოგონას მეზობლებიც და ამბობენ, რომ ის მომხდარის შემდეგ შეშინებული იყო. ისინი გოგონას დადებითად ახასიათებენ. მათი განმარტებით, მისი შეშინების შემთხვევა არაერთხელ მოხდა.

გოგონა სამართალდამცავებს საქმის დროულ გამოძიებას თხოვდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
Print