ახალი ამბები
ბოლო სამი კვირის განმავლობში გარემოს დაბინძურების 151 შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 20 აპრილის ჩათლით, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, გარემოს დაბინძურების 151 შემთხვევა გამოავლინა.

მათ შორის, მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების 129, ხოლო სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დაბინძურების 5 შემთხვევაა.

ასევე, უწყების მიერ მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვის 12, შლამისებრი ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების კი 1 შემთხვევა გამოვლინდა.

ასევე, ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების 2, ხოლო სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის 2 ფაქტი.

ნარჩენების კოდექსის მიხედვით, გარემოს დაბინძურებისთვის განსაზღვრული ჯარიმის რაოდენობა დანაგვიანებული ტერიტორიის ფართობზე, ნარჩენების მოცულობასა და სახეობაზეა დამოკიდებული.

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 80 ლარით ჯარიმდება, ხოლო, 1 მ3-ზე მეტი მოცულობის ნარჩენის უკანონოდ დაყრის შემთხვევაში, ფიზიკურ პირს ჯარიმის სახით 300 ლარის გადახდა მოუწევს, იურიდიულ პირს - 1000 ლარის.

რაც შეეხება ინერტული ან სამშენებლო ნარჩენების უკონტროლოდ დაყრას, 1 მ3-მდე მოცულობის ასეთი ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ფიზიკური პირის 200 ლარით, იურიდიული პირის კი 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

1 მ3 ან 1 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი 500 ლარით, ხოლო იურიდიული 1500 ლარით ჯარიმდება.




Print