ახალი ამბები
ტყიბულში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა
FaceBook
ტყიბულში, ორბელიანის #17-ში ცქიფურიშვილების ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 20 აპრილს, დილის 12 საათზე მოხდა. ოჯახის დიასახლისის ინფორმაციით, ცეცხლი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა. მისივე თქმით, ხანძრის ჩაქრობას თავად შეეცადა, თუმცა ცეცხლი მთელ შენობას მოედო.

ამ დროისთვის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ორივე სართული მთლიანად დამწვარია. ოჯახის წევრებმა ნივთების გადარჩენა ვერ შეძლეს.

"ხანძრის დროს სახლში მხოლოდ მე და ჩემი ქალიშვილი პირველ სართულზე ვიყავით, ცეცხლი მეორე სართულზე გაჩნდა. ვეცადე სახანძროს მოსვლამდე ცეცხლის საკუთარი ძალებით ჩაქრობას, მაგრამ ვერ შევძელი. სახეზე მცირე დამწვრობაც ამ დროს მივიღე," - განაცხადა ოჯახის დიასახლისმა, იზოლდა თუთარაშვილმა.

ორბელიანის #17-ში საცხოვრებელ სახლთან მობილიზებულია ტყიბულის, ქუთაისისა და თერჯოლის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 5 მანქანა, რომლებიც ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ამ დრომდე განაგრძობენ.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების განმარტებით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, ცეცხლის ლოკალიზება კი გრძელდება.

ადგილზე მობილიზებულია, ასევე, საპატრულო პოლიცია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც დაზარალებულის ოჯახის მდგომარეობას გაეცვნენ.

ტყიბულის გამგეობის ინფორმაციით, ცქიფურიშვილებს, შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში, მიყენებული ზარალის დაანგარიშების შემდეგ დაეხმარებიან.


თეონა ჯანელიძე
Print