ახალი ამბები
„წყალმომარაგების კომპანიის“ ქუთაისის სერვისცენტრიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
FaceBook
"გაერთიანებული წყალმომარაგების" ქუთაისის სერვისცენტრიდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდა.
დაკავებული პოსტები ტექნიკური სამსახურის უფროსმა, კოტე ოქროჭელიძემ და მართვის და ოპერირების უფროსმა, ბადრი ჩიტეიშვილმა დატოვეს.

მათი თქმით, კომპანიიდან საკუთარი ნებით წამოვიდნენ.

"დასვენება მინდა და გადავწყვიტე წამოსვლა. მე თვითონ დავწერე განცხადება. ჩემმა მეგობარმაც სოლიდარობა გამომიცხადა და წამოვიდა", - ამბობს კოტე ოქროჭელიძე, რომელიც კომპანიაში 37 წელი მუშაობდა.

"ახალგაზრდებს დავუთმეთ ადგილი. ასე გადავწყვიტეთ ორივემ", - აღნიშნავს ბადრი ჩიტეიშვილი.

"გაერთიანებული წყალმომარაგების" კომპანიაში განმარტავენ, რომ თანამშრომლებმა სამსახური პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვეს.

"პირადი განცხადებით დატოვა ორივემ. მათ ნაცვლად უკვე დასაქმებული არიან სხვები - ერთი ზესტაფონის და ერთიც ადგილობრივი, ქუთაისის სერვისცენტრის წარმომადგენელი", - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიიდან წამოსული თანამშრომლები სამუშაო პირობებსა და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაზე არ საუბრობენ.

Print