ახალი ამბები
ზესტაფონში, სოფელ ფუთში 2 წლის წინ გაკეთებული საავტომობილო გზა ჩავარდა
FaceBook
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში 2 წლის წინ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაკეთებული გზა ჩავარდა.

"თავისუფალი საქართველოს" ზესტაფონის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაკეთებული პროექტების უხარისხობაზე საუბრობს.

გივი თუთბერიძე, რომელიც ამავე დროს საკრებულოს ფრაქცია "ზესტაფონის" თავმჯდომარეა, პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტის გამგებელს ტარიელ თუთარაშვილს აკისრებს.

თუთბერიძის თქმით, სოფელ ფუთის გზა ერთ-ერთია იმ უამრავ უხარისხოდ გაკეთებულ პროექტებს შორის, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა.

"ყოველდღიურად უამრავ ადამიანს უწევს ამ გზის გავლა. აქ არის სოფლის სასაფლაო და სალოცავი. დიდი ხანია ამ გზის მონაკვეთის გავლას ერიდება სასკოლო ავტობუსი და სოფლის ტრანსპორტი. არის საშიშროება, რომ გზა მთლიანად ჩაიქცეს, ყურადღებას კი არავინ გვაქცევს", - განმარტავს ჩვენთან საუბარში სოფელ ფუთში მცხოვრები დავით გოგოლოძე.

"ქუთაისიპოსტი" სოფელ ფუთის გამგებელს გია ჩხეიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, აღნიშნული გზის მონაკვეთის გაკეთება სამომავლოდ იგეგმება, თუმცა ამისთვის საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო.

"გზის მონაკვეთი ორი წლის წინ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ გააკეთა, თუმცა მალევე დაზიანდა. მოსახლეობას საკუთარი სახლების წინ სანიაღვრე არხების ამოჭრაც არ უნდა, რომ წყალი გზაზე არ გადმოედინებოდეს. ყველაფერს მთავრობა ხომ ვერ გააკეთებს. ამ ეტაპისთვის გზის ამ მონაკვეთს მავთულბადით შემოვღობავთ, ცალმხრივად მოძრაობა მაინც შესაძლებელი იქნება. მომავალში კი ვნახოთ," - ამბობს გია ჩხეიძე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2015 წელს 45 000 ლარი დახარჯა.

სოფლის გამგებლის განმარტებით სოფელ ფუთში გზის ამორტიზებული მონაკვეთის გაკეთებას 300 000 ლარი უნდა, რაც ამ ეტაპისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში არ აქვთ.

ეკატერინე დუგლაძე
Print