ახალი ამბები
ქუთაისელ მოსწავლეებში სამედიცინო შემოწმებით სქოლიოზისა და ტანადდგომის შემთხვევები გამოვლინდა
FaceBook

ქუთაისის 38 საჯარო და 11 კერძო სკოლის 13 066 მოსწავლეს უფასო სამედიცინო შემოწმება უტარდება.


I-IV და VII კლასის მოსწავლეებს სამედიცინო დათვალიერებას შპს "ქუთაისის ბავშვთა და მოზრდილთა №4 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის“ პედიატრები უტარებენ.

დაწესებულებაში აცხადებენ, რომ  მოსწავლეთა შემოწმება მიმდინარე წლის 1 აპრილს დაიწყო. ამ დროისთვის ქუთაისში 20-მდე სკოლის მოსწავლეები შემოწმდნენ.

დიაგნოსტიკური ცენტრის ინფორმაციით, ქუთაისის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებში რამდენიმე ტიპის დარღვევა ფიქსირდება.

"გამოვლინდა სქოლიოზის, ტანადდგომის, რეფრაქციის და კრიპტორხიზმის შემთხვევები. ჩვენი ექიმები სკოლებშივე ატარებენ გამოკვლევებს და იქვე ადგენენ შესაბამის დიაგნოზს", - ამბობს შპს "ქუთაისის ბავშვთა და მოზრდილთა №4 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის"დირექტორი, დარეჯან პარუნაშვილი.

მისი თქმით, თითოეულ სკოლაში გამოკვლევების დასრულების შემდეგ, დიაგნოზს სკოლის ხელმძვანელობას უტოვებენ იმისთვის, რომ შემდგომ მათ მშობლის ინფორმირება მოხდინონ.

"დასმული დიაგნოზი მშობელს სკოლის ადმინისტრაციის ან თუნდაც კლასის დამრიგებლის მიერ ეცნობება. იქვე მითითებულია რჩევა თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დარღვევის არსებობის შემთხვევაში მის აღმოსაფხვრელად" - ამბობს დარეჯან პარუნაშვილი.

ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლებში სამედიცინო შემოწმებები აქტიურად მიმდინარეობდა და ის მიმდინარე წლის 15 აპრილს დასრულდა.

შემოწმებების დასრულდების შემდეგ შპს "ქუთაისის ბავშვთა და მოზრდილთა №4 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი" საბოლოო ანგარიშს დაწერს, რომელიც ქუთაისის მერიას და ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.

შპს "ქუთაისის ბავშვთა და მოზრდილთა №4 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი“ სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 9741 ლარს მიიღებს.


 

Print