ახალი ამბები
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო
FaceBook
რაგბში, 20 წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელიც 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ქუთაისსა და თბილისში ჩატარდება, დასასწრები ბილეთების გაყიდვა  უკვე დაიწყო.
მატჩებზე დასასწრებად მსურველებს ბილეთების შეძენა  www.ticket.ge -ზე 12 აპრილიდან შეუძლიათ.

ბილეთის მინიმალური ფასი 5 ლარს შეადგენს, მაქსიმალური - 20 ლარს. 

ქუთაისში ჩემპიონატს "აია" არენა და საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" უმასპინძლებს.

უკვე ცნობილია, რომ ქუთაისში მხოლოდ ჯგუფური ეტაპის თამაშები (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) ჩატარდება. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, ქუთაისთან ერთად, ასევე გაიმართება თბილისში, ავჭალის სტადიონზე. ხოლო, პლეი ოფებსა და ფინალურ მატჩებს 14 და 18 ივნისს, თბილისში, ავჭალის და მიხეილ მესხის სტადიონები უმასპინძლებს. 

საქართველოსთან ერთად, წლევანდელ ჩემპიონატში 11 ქვეყნის ნაკრები (ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, სამოა) მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირის ფარგელებში საქართველოს მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე, ბილ ბომონტი და მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის მოადგილე, აგუსტინ პიშოტნი ეწვევიან.

მიმიდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, სლოვაკურ კომპანია "Autokomodex Trnava" -სთან, რომელსაც თბილისსა და ქუთაისში რაგბის ჩემპიონატისთვის 12 სარაგბო და საფეხბურთო მოედანი უნდა მოეწყო, ხელშეკრულება გაწყვიტა.

სპორტის მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, ამის მიუხედავად, ქვეყანა რაგბის ჩემპიონატს მომზადებული შეხვდება.

"მინდა დავამშვიდო გულშემატკივარი და ვუთხრა, რომ აუცილებლად მაღალ დონეზე ჩატარდება ჩემპიონატი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ალტერნატიული სპორტული ობიექტები, რაც გვაქვს. უახლოეს მომავალში რაგბის კავშირთან და კერძო სექტორთან ერთად მოვახდენთ მათ ფორმალიზებას", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

20-წლამდელთა ჩემპიონატში საქართველო მეორედ მონაწილეობს.

Print