ახალი ამბები
ქუთაისში მცხოვრებ დევნილ ოჯახს შეწყვეტილი ფულადი შემწეობა, შესაძლოა, ისევ დაენიშნოს
FaceBook
ქუთაისში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ქურასბედიანების ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დადებული ერთწლიანი შეზღუდვა მოეხსნა. საუბარია, აკრძალვაზე რომლის საფუძველეც ოჯახი შესაბამისი სააგენტოს ბაზიდან იყო მოხსნილი.
ქურასბედიანებისთვის აღნიშნული შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება სოციალური მომსახურების სააგენტომ მიმდინარე წლის მარტის ბოლოს მიიღო.

"შუამდგომლობა გამოაგზავნა რაიონმა და ერთწლიანი შეზღუდვა მოხსნილია. შეუძლიათ სააგენტოს პირველადი განაცხადით მომართონ და გადამოწმება მოითხოვონ ", – ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ტატა გამყრელიძე.

განცხადების დაწერის შემდეგ კი, ერთი თვის ვადაში სოციალური აგენტი უნდა მივიდეს გადამოწმებაზე, ამის შემდეგ კი ქულები დაითვლება. რის შემდეგად, შესაძლოა მათ ფულადი შემწეობა ისევ დაენიშნოთ.

ქურასბედინების ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებიან ფულადი შემწეობის მისაღებად საჭირო პროცედურებისა და შემოწმების გავლას.

ქუთაისიპოსტი ქურასბედიანების ოჯახის გაჭირვებაზე ორი თვის წინ წერდა.

ავტოქარხნის უბანში, ლეჟავას ქუჩა #3-ში მცხოვრებ, ქურასბედიანების ოჯახს სოციალური შემწეობა გასული წლის აპრილიდან შეუჩერდა.

ოჯახის დიასახლისის, მანანა გვარამიას თქმით, ოთხსულიან ოჯახში ყველა უმუშევარია. როგორც ის განმარტავს, ფულადი დახმარების შეწყვეტამდე ოჯახის შემოსავალი 242 ლარს შეადგენდა: 152 ლარი ფულადი შემწეობის, ხოლო 90 ლარი დევნილებისთვის განსაზღვრული.

სოციალურად შეჭირვებული ოჯახი უკვე ერთი წელზე მეტია 90 ლარით ირჩენს თავს.

ის გვიყვება, რომ ოთხსულიან ოჯახს ჯანმრთელობის პრობლემაც აქვთ. მანანა გვარამიას თქმით, მას შემდეგ, რაც ისინი ფულადი დახმარების გარეშე დარჩნენ, ავადმყოფებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების ყიდვას ვერ ახერხებენ.

Print