ახალი ამბები
ქუთაისში 402 ადამიანი თავშესაფარს ითხოვს
FaceBook
ქუთაისში 48 ოჯახზე გათვლილ სოციალურ საცხოვრისში ბინების მიღების თხოვნით მერიას განცხადებით 402-მა ადამიანმა მიმართა. თავშესაფრის მაძიებელთათვის ადგილობრივ თვითმმართველობაში განცხადების მიღების ვადა მიმდინარე წლის 27 მარტს  ამოიწურა.

თუ როდის დაიწყება მერიაში შეტანილი განაცხდების  განხილვა, ან რა დრო დასჭირდება ამ პროცესს და როდის მოხდება უსახლკაროთა სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციარების შესახლება, კვლავ უცნობია. ამ კითხვებით  ქუთაისიპოსტმა მერიას წერილობით  მიმდინარე წლის 28 მარტს მიმართა. 

"ჯერ უნდა მოხდეს უსახლოკაროთა რეგისტრაცია  საქართველოს  ორგანული  კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" შესაბამისად და ამის შემდეგ მოხდება დადგენილი წესით შეფასება", -   ნათქვამია ჩვენს მიერ შეტანილი წერილის პასუხად (წერილი ჩაგვბარდა 10 აპრილს), რომელსაც  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია აწერს ხელს.

მერიიდან მიღებული ოფიციალური წერილის მიხედვით, ნიკეას ქუჩაზე არსებული სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად  ადგილობრივი ბიუჯეტიდან  2  500 000 ლარი დაიხარჯა.

ქუთაისის მერიაში უკვე შემუშავებული აქვთ  ფართების განაწილების წესი, რომლის საფუძველზეც მოხდება უსახლკაროებისთვის ბინების  5 წლის ვადით გადაცემა.  

ამ  წესის მიხედვით, პირისთვის სოციალურ საცხოვრისში ფართის გადაცემა სხვადასხვა კრიტერიუმით მინიჭებული ქულების ჯამურ რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. ეს ქულები კი, თავშესაფრის მაძიებელ პირებს 6 ძირითადი პუნქტის მიხედვით მიენიჭება.

მაგალითად, მათ, ვისი სოციალურად დაუცველის სტატუსისთვის განსაზღვრული სარეიტინგო ქულა 57 000–ზე ნაკლებია, სპეციალური კომისია ქულების საერთო შკალაში 30 ქულას მიანიჭებს; ხოლო ის, ვისი სოციალური მდგომარეობაც შესაბამისმა სამსახურმა 100 000 ქულაზე მეტით შეაფასა, მხოლოდ 5 ქულას მიიღებს.

თუ როგორ გამოიყურება სოციალური საცხოვრისი, რომლისთვისაც 2 მილიონზე მეტი დაიხარჯა, ნახეთ ფოტორეპორტაჟი.

სად და რა პირობებში ცხოვრობენ  ქუთაისში სოციალურად დაუცველები, რომლებიც თავშესაფარის მიღების მოლოდინში არიან,  ნახეთ ვიდეოსიუჟეტი.



ამავე თემაზე:


ქუთაისში 50-მდე ოჯახს კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში შეასახლებენ

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი ცხადდება

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დენის, წყლისა და გაზის გარეშე - სოციალურად დაუცველთა ცხოვრება საცხოვრისის მოლოდინში

ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისში ფართის განაწილების წესი შეიმუშავა

Print