ახალი ამბები
ტყიბულში ერთი წლის წინ მდინარის დაზიანებული ჯებირის აღდგენა მიმდინარეობს
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ერთი წლის წინ დაზიანებული მდინარე ტყიბულას ჯებირის რეაბილიტაცია ახლა მიმდინარეობს. ჯებირი გასული წლის აგვისტოში სტიქიის შედეგად გამოვიდა მწყობრიდან.
"გაიწმინდა მდინარის პერიმეტრი, რის შემდეგაც მოხდა კალაპოტისათვის მიმართულების შეცვლა. გეგმაშია მოეწყოს 80 მეტრი სიგრძის ჯებირი, რომლის სიმაღლე 4.5 მეტრი იქნება", - განმარტავენ ტყიბულის მუნიციპალიტეტში.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ მდინარის ჯებირის რეკონსტრუქციაზე ელექტრონული ტენდერი 2016 წლის 15 დეკემბერს (spa160028313) 383 500 ლარზე გამოაცხადა.


მდინარე ტყიბულას დაზიანებული ჯებირი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვით მხილოდ ერთი კომპანია შპს "რაჭა 2005" დაინტერესდა. სწორედ ამ კომპანიამ 378 489 ლარზე გააფორმა ხელშეკრულება მუნიციპალიტეტთან. მხარეებს შორის 2016 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანიას ჯებირის გამაგრება და მისი გაწმენდა დაევალა, რომელიც მიმდინარე წლის 31 მარტს უნდა დაესრულებინა.

თუმცა, ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში (მიმდინარე წლის 17 მარტს)  ცვლილება განხორციელდა, რომლის მიხედვითაც სამუშაოების შესრულების ვადად შპს "რაჭა 2005"-ს ნაცვლად 30 მარტისა 15 მაისი განესაზღვრა.

სამუშაოების შემსრულებლი კომპანიის "რაჭა 2005"-ის წარმომადგენლების განმარტებით, რეკონსტრუციის დასრულების ვადის გადაწევა ამინიდის გამო მოხდა. ისინი ირწმუნებიან, რომ ტენდერის გზით აღებულ პასუხისმგებლობის შესრულებას ამჯერად ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში შეძლებენ.


თეონა ჯანელიძე
Print