ახალი ამბები
ქუთაისში კალიგრაფიის კონკურსი მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი მიმდინარეობს.
ღონისძიება მერიის ძეგლთა დაცვისა და განათლების განყოფილების ორგანიზებით ტარდება. კალიგრაფიის კონკურსში ქალაქის კერძო და საჯარო სკოლების 9-12 კლასის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობენ.

85 მონაწილეს ორი საკონკურსო დავალების შესრულება დაევალათ.

"პირველია ხელნაწერის ასლის გაკეთება ანუ მიმსგავსება და ასევე, მათი გემოვნების მიხედვით, ნაბეჭდიდან კალიგრაფიულად გადაწერა," - განმარტავს კონკურსის იდეის ავტორი, მერიის ძეგლთა დაცვისა და განათლების განყოფილების ხელმძღვანელი, მაყვალა ქობულაძე.

მისივე თქმით, კონკურსის მიზანი ქართული ანბანის პოპულარიზაცია და კალიგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა.

"პირველად ვიღებ მონაწილეობას ამ კონკურსში. ძალიან საინტერესო დავალებებია და იმედი მაქვს თავს გავართმევ," - ამბობს კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე.

კალიგრაფიის კონკურსში 5-5 გამარჯვებული მოსწავლე და პედაგოგი გამოვლინდება. მათ მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქუთაისში დედა-ენის ძეგლთან ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

მაყვალა ქობულაძის ინფორმაციით, პირველი ადგილის მფლობელ მოსწავლესა და პედაგოგს 150-150 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილზე გასულებს - 100-100 ლარი, ხოლო მესამე ადგილს - 50-50 ლარი.

ასევე, კონკურსის შედეგად გამოვლინდება 2-2 ყველაზე ორიგინალური კალიგრაფიის მქონე კონკურსანტი, რომლებსაც 80-80 ლარი გადაეცემათ.

ქუთაისის მერიის ორგანიზებით შემოქმედი პედაგოგების ხელნაწერი კრებული დაბეჭდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3000 ლარი დაიხარჯება.

კალიგრაფიის კონკურსი ქუთაისში პირველად 2015 წელს ჩატარდა.

Print