ახალი ამბები
ქუთაისში "ეტალონი სპორტსმენი" ქუთაისელი ნინო ჯალაღონია გახდა
FaceBook
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოპერისა და ბალეტის თეატრში ინტელექტუალური შეჯიბრი "ეტალონი - სპორტსმენი" გაიმართა.
მასში ქუთაისელი ახალგაზრდა სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

"ეტალონი - სპორტსმენი" კი მოჭადრაკე ნინო ჯალაღონია გახდა. მეორე ადგილი მაგიდის ჩოგბურთში მოასპარეზე ანიტა სოხაძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე რაგბისტი შაკო ლომსიანიძე გავიდა.

გამარჯვებულები და პრიზიორები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს. პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს ქუთაისის მერიისგან 300 ლარი, მეორეზე- 200 ლარი, მესამეზე გასულს კი 100 ლარი გადაეცა.

ღონისძიების ორგანიზატორი ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურია.

"ამ თამაშით ჩვენ გვინდა გარკვეული სტერეოტიპების მსხვრევა. ჩვენ არა მხოლოდ მკლავმაგარი და ჯანსაღი, არამედ, გონიერი და ინტელექტუალური სპორტსმენები გვყავს", – ამბობს, მერიის სპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე, მანანა მანაგაძე.

"ეტალონი- სპორტსმენი" სპორტული თემატიკით საქართველოში პირველად გაიმართა.
Print