ახალი ამბები
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 1–ლი ივლისიდან ამოქმედდება
FaceBook

მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. ასევე, 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში ე.წ. უკონტაქტო პატრულირებაც.

შსს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის თქმით, 1-ელ ივლისამდე დარჩენილი პერიოდი საინფორმაციო კამპანიისთვის იქნება გამოყენებული.

განხილვის პროცესში ცვლილება განიცადა ქულათა სისტემამ - რიგი საგზაო დარღვევების შემთხვევაში ჩამოსაკლები ქულის ოდენობა გაიზარდა, ზოგ დარღვევაზე კი შემცირდა. მაგალითად, ღვედის გამოუყენობლობაზე თავდაპირველად შეთავაზებული იყო მართვის მოწმობისთვის 10 ქულის ჩამოკლება, რაც 5 ქულამდე შემცირდა. ავტომობილის მართვისას მობილურის გამოყენებაზე 15 ქულა 10 ქულამდე შემცირდა.

პროექტის განხილვისას გამოითქვა მოსაზრება წითელზე გავლის შემთხვევებზე განსაზღვრული ქულის შემცირების თაობაზე, რაც შს სამინისტროს წარმომადგენელმა არ გაითვალისწინა. ასეთ შემთხვევაზე განსაზღვრული იყო 10 ქულის ჩამოკლება, რაც 15 ქულა გახდება
კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში ჩასწორდა ის, რომ პარკირების წესების დარღვევაზე, როდესაც არ იქმნება საავარიო მდგომარეობა ან საცობი, მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულა არ ჩამოაკლდება.

ქულების განულების შემთხვევაში მართვის მოწმობის მფლობელს მართვის უფლება 1 წლით შეუჩერდება და მის დასაბრუნებლად გამოცდის გავლა მოუწევს. ამასთან, პროექტით მძღოლს ეს უფლება წელიწადში ერთხელ ექნება.


 

Print