ახალი ამბები
"სულ კონდახებით სცემეს ჩემი შვილი" - რას ჰყვება ჭოგნარში ყაჩაღობის შედეგად დაზარალებული
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტ, სოფელ ჭოგნარში ბერეკაშვილების ოჯახი დააყაჩაღეს. მათი თქმით, მიმდინარე წლის 30 მარტს სამი ნიღბიანი სახლში 22:00 საათზე შეიჭრა.

დაზარალებული მზია დოღონაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ წაღებულია 500 ლარი, ერთი ოქროს საყურე და ოქროს ბეჭედი. ასევე, მისი თქმით, შეიარაღებულმა პირებმა ბავშვის სათამაშო კომპიუტერი, ოჯახის კუთვნილი თოფი და სომხური კონიაკები წაიღეს. ადვოკატ მზია დოღონაძის თქმით, მისი შვილი სასტიკად აწამეს.

"კარები ფეხებით შემოამტვრიეს, რომ შემოვარდნენ ეგრევე დაგვიწყეს რტყმევა. ოქროები და ფული მოგვეცითო. ბევრი ფული გაქვთო თქვენო. სულ კონდახებით სცემეს ჩემი შვილი. ამ დროს მე შაქარმა ამიწია და გავითიშე. ჩემმა შვილმა უთხრა არ სცემოთო მაგ დიაბეტიანი არისო და მერე მე შემეშვნენ და ჩემს შვილს
ურტყამდნენ", - ამბობს დაზარალებული ადვოკატი. ის ამბობს, რომ ყაჩაღებმა იმდენად სცემს მისი შვილი, რომ საჭირო გახდა იმ ღამესვე საავადმყოფოში გადაყვანა. როგორც მზია დოღონაძე გვიყვება, შვილის მდგომარეობა სტაბილურია და ის უკვე სახლში იმყოფება.


დაზარალებული ვარაუდობს, რომ თავდამსხმელები მისი თანასოფლელები არიან. ის ასევე, დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.

"ისეთ დეტალებზე გვესაუბრებოდნენ, რომ გამორიცხულია შორიდან მოსული ვიღაცები ყოფილიყვნენ. ყოველ შემთხვევაში ნაცნობები რომ იყვნენ აშკარაა", - ამბობს ის.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნულზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
Print