ახალი ამბები
გიორგი მშვენიერაძე - საქართველოში პორნოგრაფიის გავრცელება კანონით აკრძალული არ არის
FaceBook
"პორნოგრაფიული მასალების გავრცელებისთვის ბრალდებულთა მიმართ დარღვეულია კონსტიტუციური პრინციპი"

პორნოგრაფიული მასალის გავრცელების გამო 40 პირის მიმართ ბრალის წაყენების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას იურისტი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"-ს იურისტი განმარტავს, რომ საქართველოში პორნოგრაფიის გავრცელება კანონით აკრძალული არ არის.
"შესაბამისად მისი გავრცელება "უკანონო" ვერ იქნება. (არის ერთი გამონაკლისი, რაც მაუწყებლებს ეხებათ, თუმცა სპეციალური კანონის თანახმად, ის მხოლოდ თითრეგულირების მექანიზმში საჩივრდება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამონაკლისია შემთხვევა, როცა ის არასრულწლოვანის ინტერესების გამო შესაძლოა სასამართლოში გასაჩივრდეს).
ამავდროულად დამაჯერებლობისათვის უთითებენ, რომ საქმე ეხება "არასრულწლოვანთა პორნოგრაფიასაც", თუმცა როგორც განცხადებიდან ჩანს ამ მუხლით არავის აქვს ბრალი წაყენებული.
გარდა იმისა, რომ ბრალდებულთა მიმართ დარღვეულია კონსტიტუციური პრინციპი, "არავითარი დანაშაული კანონის გარეშე", ასევე ეს საქმე საინტერესო იქნება გამოხატვის თავისუფლების კუთხითაც.
მორალისტობა, ესაა ერთადერთი ახსნა ამ ქცევის. წინ, წარსულში, საბჭოეთისკენ," - წერს გიორგი მშვენიერაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე.
პორნოგრაფიის გავრცელებისთვის ქუთაისში, თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში 40 პირი პასუხისგებაში მისცეს. შესაბამისი განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება დღეს გაავრცელა.
Print