ახალი ამბები
ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახი ერთ წელზე მეტია ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრობს
FaceBook
ქუთაისში, ტყემალაძეების ექვსსულიანი ოჯახი, თანხის გადაუხდელობის გამო, ერთი წელზე მეტია ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრობს.
ისინი  340 ლარიანი დავალიანების გადახდას ვერ ახერხებენ, რის გამოც იძულებულნი არიან ორ მცირეწლოვან ბავშვს ყოველდღიურად საჭმელი შეშის ღუმელზე მოუმზადონ. 

ბოლო რამდენიმე თვეა, სოციალურად დაუცველი ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს.  შემოსავლის გარეშე დარჩენილები  ჭურჭლეულობისა და ხე–მასალის გაყიდვით ირჩენენ თავს, რაც მათი თქმით, მალე ამოიწურება. 

ოჩამჩირის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახი კეთილი მეზობლებისა და ნათესავების იმედად რჩებიან. 



მათივე თქმით, ოჯახის 2 წევრს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც აწუხებს.

ტყემალაძეებს სოციალური შემწობა 2008 წლიდან დაენიშნათ და 2011 წელს ხელფასის დაფიქსირებისას შეუწყდათ. მაშინ 30 ათასი ქულა 109 ათასით შეიცვალა.

ოჯახის დიასახლისი და მისი ვაჟი, 2011–2013 წლებში, 3 წელი, ავტობანის მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებულნი, რაც სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი გახდა. თუმცა, ახლა ოჯახის ყველა წევრი სამსახურის გარეშეა დარჩენილი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში განმარტავენ, რომ ოჯახში დეკლარაციის შევსებისას ერთ–ერთ წევრს ისევ უფიქსირდებოდა შემოსავალი ხელფასის სახით.

"მის მერე თუკი აღარ მუშაობენ, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ბრძანება, ამონაწერი შემოსავლების სამსახურიდან და მოითხოვონ განმეორებით გადამოწმება", – ამბობს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი, ნინო ჭიღლაძე.

სააგენტოში, ასევე, აცხადებენ, რომ ოჯახის ყველა წევრი, ბავშვების გარდა, შრომისუნარიანია და ამიტომ მათ სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირებას ურჩევენ.

ტყემალაძეების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ვაკანსიების შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ისინი სოციალური შემწეობის მიღებას ხელახლა შეეცდებიან.

Print