ახალი ამბები
"პრაქტიკაში ოჯახში ძალადობა კვლავ აღიქმება მსხვერპლისა და მოძალადის პირად საქმედ" - საიას ანგარიში
FaceBook

"საქართველოს იურისტთა ასოციაციამ"ოჯახში ძალადობის, ოჯახური ძალადობის  და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეზე 2016-2017 წლის კვლევის ანგარიში წამოადგინა.

"საიამ" ეს დოკუმენტი  სასამართლო სხდომებზე დასწრების და მათზე დაკვირვების შედეგად მოამზადა. კერძოდ, არასმთავრობო ორგანიზაციამ, ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეზე 132 სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგი,  2016 წლის 20 აგვისტოდან 2017 წლის 20 იანვრამდე განახორციელა.

წარმოდგენილ ანგარისში ნათქვამია, რომ სასამართლო ორგანოები ცალკეულ შემთხვევებში ადეკვატურად ახორციელებდნენ ქალთა მიმართ ძალადობის სამართალწარმოებას. თუმცა, საერთო ჯამში მათი საქმიანობა ეფექტურად ვერ შეფასდა.

"პრაქტიკაში ოჯახში ძალადობა კვლავ აღიქმება მსხვერპლისა და მოძალადის პირად საქმედ. სასამართლო ზოგჯერ დაუსაბუთებლად უფარდებს ლმობიერ სასჯელს. გამამტყუნებელი განაჩენისა და დანაშაულის სერიოზულობის მიხედვით მოსამართლეს უჭირს მოძალადის მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. არსებული საქმების 72%- ზე მოსამართლემ მსუბუქი სასჯელის გამოყენება არჩია", - ნათქვამია საიას ანგარიშში.

"საია" სასამართლოში ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის 34 პირველად წარდგენას დააკვიდა. აქედან, 12 შემთხვევაში სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა, 17 შემთხვევაში კი, გირაო. 4 შემთხვევაში შეთანხმება გაფორმდა სათანადო მოქცევის შესახენ, ხოლო ერთ შემთხვევაში ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩა.

ასევე, დანაშაულების რისკების შეფასების კუთხით მნიშვნელოვანია რომ 34 ბრალდებულთა ასაკი 24-60 წლამდე მერყეობს, მათ შორის 79% 30 წელს ზემოთაა. გარდა ამისა, სასამართლო პროცესებიდან გაირკვა, რომ 7 ბრალდებულს მიღებული ჰქონდა საშუალო განათლება, ხოლო 3-ს უმაღლესი განათლება. დანარჩენ 24 შემთხვევაში პირის განათლების შესახებ ინფორმაციის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

"საიამ" 2016 წლის 20 აგვისტოდან 2017 წლის 20 იანვრამდე საქართველოს 5 ქალაქში თბილისში, ბათუმში, თელავში, გორსა და ქუთაისში ჩაატარებული კვლევის შედეგები კვლევის შედეგები მიმდინარე წლის 29 მარტს ქუთაისში წარმოადგინა.

 

Print