ახალი ამბები
ქუთაისში მარტოხელა დედა სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში, ზ. ჭავჭავაძის #28–ში მცხოვრები მარტოხელა დედა შეწყვეტილი სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს.

ქრისტინა გაბუნია ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მისი თქმით, საარსებო დახმარება მიმდინარე წლის თებერვალში შეუჩერდა. მიზეზად კი საცხოვრებელი ბინის ცვლილება განუმარტეს. აქამდე, თავის ორ შვილთან ერთად, ჭავჭავაძის #4–ში ცხოვრობდა.

ქრისტინა გაბუნია სოციალური დახმარების მიმღების 2013 წლიდან არის. ის ამბობს, რომ მაშინ მისი სარეიტინგო ქულა 47 ათასს შეადგენდა. სოციალური დახმარების სახით, კი სამ სულიან ოჯახს 156 ლარი ეძლეოდა.

"ძალიან გვიჭირს საკვების ყიდვა. ხალხის იმედად ვარ დარჩენილი, არ ვიცი რით გავიტანოთ თავი. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კრედიტები მაქვს გამოტანილი. რადგან, ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭირება", – ამბობს ქრისტინა გაბუნია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში განმარტავენ, რომ ოჯახს საცხოვრებელი მისამართის შეცვლის თაობაზე ინფორმაცია არ დაუფიქსირებია, რაც რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველი გახდა.

"რა მისამართიც იყო დარეგისტრირებული იმ მისამართზე გავედით ჩვენ მორიგი გადამოწმების დროს, რა დროსაც ოჯახი არ დაგვხვდა ადგილზე. ხელახალი მომართვის შემთხვევაში სააგენტო განიხილავს მისი დარეგისტრირების უფლებას", - ამბობს სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი, ნინო ჭიღლაძე.

ქრისტინა გაბუნიას თქმით, მან არ იცოდა, რომ უნდა ეცნობებინა სააგენტოსთვის ცვლილების თაობაზე. 

მარტოხელა დედა დახმარების მიღებაზე განცხადებით მიმართვას ისევ გეგმავს.

Print