ახალი ამბები
„მერია მუშაობას, როგორ გახადოს ავარიული ბინები სხვა პროექტებზე პრიორიტეტული“
FaceBook
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურმა, შესაძლოა, პროგრამა კორპუსის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების პრიორიტეტი შეცვალოს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები უმრავლეს შემთხევვაში კორპუსების ესტეთიური მხარის მოწესრიგებაზე ზრუნავენ, გამაგრებითი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით კი ადგილობრივ თვითმმართველობას იშვიათად მიმართავენ.

ქუთაისში ავარიული სახლების არსებობის გათვალისწინებით, ამიერიდან, მობინადრეებს, იმ შემთხვევაში თუ მათი კორპუსი ავარიულია, სხვა პროექტების დაფინანსებაზე, შესაძლოა, უარი ეთქვას და მერიამ სადარბაზოების მოწყობის ხარჯები მხოლოდ შენობის გამაგრების შემდეგ აანაზღაუროს.

"პრიორიტეტულია ყველა პროექტი. რაც შეეხება ავარიულ ბინებს, არსებობს პარაპეტების პროგრამა და ესეც პრიორიტეტულია. მთავარია მოქალაქე დაინტერესდეს ჯერ პარაპეტის და მერე სადარბაზოს მოწყობით. ეს მასზეა დამოკიდებული, თუმცა, მერია მუშაობს იმ მიმართულებით, თუ როგორ გახადოს ავარიული ბინები სხვა პროექტზე პრიორიტეტული",-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ქუთაისში არსებული საცხოვრებელი სახლების გამაგრების აუცილებლობა დღის წესრიგში მიმდინარე წლის 13 მარტს, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დადგა,  რა დროსაც კორპუსის სახურავიდან კედლის ჩამონგრევას 12 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაშინ ადგილობრივმა თვითმმათველობამ მომხდარზე პასუხისმგებლობა მოსახლეობას დააკისრა და განაცხადა, რომ მსგავსი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ქალაქის ხელისუფლებას კორპუსის მცხოვრებლებმა თავად უნდა აცნობონ და შესაბამისი პროექტიც წარადგინონ, რომლის ღირებულების 90%-ს ადგილობრივი ბიჯეტი დაფარავს, დარჩენილი 10%-ის გადახდა კი მოსახლეობამ უნდა უზრუნველყოს.

აბაშიძის # 10-ში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, კორპუსის ამხანაგობის ყოფილი თამჯდომარე, ბადრი ცირეკიძე, რომელიც მომხდარის შედეგ პოსტიდან გადადგა, აცხადებდა, რომ ამორტიზებული პარაპეტის პრობლემა კორპუსს წლების განმავლობაში აქვს, თუმცა, მობინადრეებმა უსახსრობის გამო მერიაში პროექტის წარდგენა ვერ მოახერხეს.

შემთხვევიდან რამდენიმე დღეში კი ახალმა თავმჯდომარემ, თემურ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ შენობის სახურავის შესაკეთებლად შესაბამის პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

აბაშიძის # 10-ში არსებული კორპუსის რეაბილიტაცია, ადგილობრივთა თქმით, ბოლოს 2102 წელს, ხარვეზით შესრულდა.

ქუთაისში 130-ე მეტი  ავარიული სახლია აღწერილი. მიმდინარე წელს პროგრამა კორპუსის ბიუჯეტი 1 280 300 ლარია.


Print