ახალი ამბები
პრომეთეს მღვიმეში 68 000 ლარის ღირებულების ნავებს ყიდულობენ
FaceBook
პრომეთეს მღვიმეში  ნავების დამატება იგეგმება.
ნავების შესაძენად სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტომ" მიმდინარე წლის 23 მარტს 68 000 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170004694) გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუმისთავში მდებარე პრომეთეს მღვიმეში სანაოსნო ზოლისთვის 4 ერთეული ნავი უნდა შეიძინოს.

არანაკლებ 12 მგზავრზე გათვლილ ნავებს 1300 კგ წონის გადატანა უნდა შეეძლოთ. ასევე, ნავში 5 ერთეული სტანდარტული ზომის კონსოლი უნდა იყოს მოწყობილი, რომელიც არანაკლებ 12 მგზავრისა და ერთი მესაჭის განსათავსებლად იქნება გამოყენებული.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, პრეომეთეს მღვიმეში ახალი ნავები ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში უნდა განათავსოს.

პრომეთეს მღვიმის სანაოსნო ზოლისთვის ახალი ნავების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში განაცხადების მიღების ვადა მიმდინარე წლის 30 მარტს იწურება.

ამ დროისთვის პრომეთეს მღვიმეს 3 ნავი ემსახურება. როგორც მღვიმის ადმინისტრაციის დირექტორი ზაალ კვანტალიანი აცხადებს, ამ დროისთვის სანაოსნო ზოლი, მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო გაჩერებულია, რომელიც ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს.

პრომეთეს მღვიმე მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 საათიდან 18 საათამდე. შესვლის ღირებულება 7 ლარს შეადგენს, სტუდენტებისა და მოსაწავლეებისთვის - 3.5 ლარს.


Print