ახალი ამბები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მერიამ სერთიფიკატებით დააჯილდოვა
FaceBook
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ადმინისტრაციული ხარჯები, გაცემული პრემიები, მერის სარეზერვო ფონდიდან გაცემული თანხები - ეს ის საკითხებია, რომელიც შეხვედრაზე წარმოადგინეს.

გარდა ამისა, სამსახურის უფროსმა მათ დაქვემდებრებაში მყოფი 5 განყოფილების მუშაობის შედეგებზეც ისაუბრა.

"საკმაოდ კარგად იმუშავა სამსახურმა. დაიხვეწა პროგრამები, კომუნიკაციები. ამის ნათელი მაგალითია, რომ გასულ წელს ქუთაისის მერიამ მიიღო ISO სერთიფიკატი," -  განაცხადა სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ.

ქუთაისის მერის განცხადებით კი ანგარიშის პრეზენტაცია მერიის მიმართ გაჟღერებული ცილისწამებების უარყოფას ემსახურება.

"ეს ემსახურება ერთი მხრივ საჯაროობის პრინციპს და მეორე მხრივ, იმ ბევრი ცილისწამების უარყოფას, რომელიც რეალურად არ არსებობს და რატომღაც ბევრი ადამიანი თუ ორგანიზაცია იყენებს მერიის წინააღმდეგ, რათა მოახდინოს მერიის დისკრედიტაცია," - განაცხადა შოთა მურღულიამ.

გასული წლის საქმიანობის ანგარიში ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა მათ შესახებ მომზადებული კლიპით და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა დაჯილდოებით დაასრულა.

NGO სექტორს სერთიფიკატები მერიასთან თანამშრომლობისთვის გადაეცა.


Print