ახალი ამბები
მარტოხელას სტატუსით საქართველოში 1474 დედა ცხოვრობს, მამა - არც ერთი
FaceBook
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით საქართველოში, 2015 წლის ივნისიდან დღემდე მარტოხელა მშობლის სტატუსი 1 474 დედას მიენიჭა.
მათ შორის, იმერეთის რეგიონში ამ სტატუსის მიღების მოთხოვნით რეგისტრაცია 113-მა დედამ გაიარა.

სააგენტოს ცნობით, ამავე პერიოდში მარტოხელა მამის სტატუსის დადგენაზე  განაცხადი არ შესულა. 

2015 წელს, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სამოქალაქო კოდექსში მარტოხელა მშობლის სტატუსი განისაზღვრა. ის დედას ან მამას იმ შემთხვევაში ენიჭება, როდესაც ბავშვის დაბადების მოწმობაში ერთ-ერთი მშობლის შესახებ ჩანაწერი არ არის.

მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დახვეწაზე სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტთან არსებული სამუშაო ჯგუფი მუშაობს. მასში პარლამენტის, სამინისტროებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართული.

"დღეისათვის სტატუსი მხოლოდ ფორმალური საფუძვლით გაიცემა, ანუ იმ შემთხვევაში, თუ დაბადების მოწმობაში არის ჩანაწერი მოხლოდ ერთი მშობლის შესახებ. გარდა ამისა, მშობლის ქორწინებაში შესვლა არ უნდა იყოს სტატუსის გაუქმების საფუძველი," - ამბობს გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანი ილურიძე.

სამუშაო ჯგუფის ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების შემდეგ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტი საკანონდმდებლო ცვლილებს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.

მსურველ პირს მარტოხელა მშობლის სტატუსს სერვისების განვითარების სააგენტო ანიჭებს. როგორც გაირკვა, სტატუსის მინიჭების მიუხედავად, ასეთი პირებისთვის რაიმე სახის შეღავათები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტით გათვალისწინებული არაა.



Print