ახალი ამბები
"შეგვარჩია უპატრონოები" - ბაღდათში სამი სოფლის რწმუნებული გაათავისუფლეს
FaceBook
ბაღდათის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ გოგსაძის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის სამი სოფლის რწმუნებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
წითელხევი, როხი და ფერსათი - ეს ის სოფლებია, სადაც რწმუნებულების თანამდებობა ამ დროისთვის ვაკანტურია.

"საქმის არაჯეროვანი შესრულება" - მითითებულია გათავისუფლების ბრძანებაში, რომელიც სოფელ ფერსათის გამგებელმა, ბონდო ჭელიძემ მიმდინარე წლის 23 მარტს მიიღო. დოკუმენტი 22 მარტით თარიღდება. ბონდო ჭელიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ არჩილ გოგსაძემ მანამდე მას თანამდებობის დატოვება სიტყვიერად მოთხოვა.

"დანაშაული არ მიმიძღვის, დამნაშავე არ ვარ და სანამ კისერს არ მოვუგრიხავ არ გავჩერდები. სიტყვიერად გვეუბნებოდა, რომ დაგვეწერა განცხადება, შეგვარჩია უპატრონოები და გაგვათავისუფლა," – ამბობს ბონდო ჭელიძე და არჩილ გოგსაძის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

გათავისუფლების ბძანება მიიღო სოფელ წითელხევის გამგებელმა, ხათუნა ჩარკვიანმაც. სოფელ როხის გამგებელს კი სამსახურიდან გათავისუფლების დოკუმენტი ამ დრომდე არ ჩაბარებია.

ნინული კაპანაძე ამბობს, რომ თანამდებობიდან დათხოვის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს, ხოლო თუ სხვა პოზიციაზე გადასვლას შეთავაზებენ, ამ შემთხვევაში თავს შეიკავებს.

სოფლის რწმუნებულების გათავისუფლების შესახებ, ამ ბრძანების ავტორს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს დავუკავშირდით.

არჩილ გოგსაძეს სოფლის რწმუნებულების მიერ გაწეული საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად მიაჩნია.

"არაჯეროვანი ნიშნავს არაჯეროვანს. მათ მიერ საქმიანობის გაგრძელება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. არ იცნობენ სოფლის პრობლემებს, არც მათი გადაჭრის გზები იციან," - ამბობს არჩილ გოგსაძე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაანონსდა. სოფლის რწმუნებულების გარდა, მიმდინარე თვეში გამგეობის სამი სამსახურის უფროსიც გათავისუფლდა.

Print