ახალი ამბები
ქუთაისის მერია "საერთაშორისო გამჭვირვალობას" კვლევის ჩასწორებას სთხოვს
FaceBook
ქუთაისის მერია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს",  იმერეთის მუნიციპალიტეტებში,  2016 წელს გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ ჩატარებული დასკვნის შედეგებში,  ცვლილებების შეტანას სთხოვს.

ქუთაისის მერიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა,ზვიად ჯავახიამ ის წერილი გაასაჯაროვა, სადაც არასამათავრობო ორგანიზაციას  დასკვნაში მითითებული უზუსტობების გასწორებისკენ მოუწოდებს.

"ეს არის მიზანმიმართული კამპანია ქუთაისის მერიის წინააღმდეგ,  რამეთუ, ე.წ. დასკვნაში მითითებული ციფრები არის ტყუილი და არ შეეფერება სინამდვილეს. ქუთაისის მერიაში პრემიაც და დანამატიც გაიცემა  დამსახურების მიხედვით",–განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

ქუთაისის მერია,  არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ  მომზადებულ ანგარიშში სამ ძირითად უზუსტობაზე მიუთითებს. კერძოდ, წერილში ნათქვამია, რომ ქუთაისის მერს,  შოთა მურღულიას 2016 წელს პრემია და დანამატი არ აუღია და არასამთავრობო ორგანიზაცია ამას ლოგიკურად უნდა მიმხვდარიყო, რადგან ქალაქის მერის შესახებ ეს ინფორმაცია ორგანიზაციას ოფიციალურ წერილში ცარიელი გრაფის სახით გაეგზავნა.

ქალაქის ხელისუფლება,   ასევე არ ეთანხმება,  ქუთაისის მერიის მიერ გაცემული პრემია–დანამატის ჯამური მაჩვენებლის,  იმერეთის 11 მუნიციპალიტეტის ამავე მონაცემებთან შედარებას.

"ქუთაისის მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა  გაცილებით მეტია იმერეთის რეგიონში არსებულ სხვა გამგეობებთან შედარებით, ხოლო,  ქუთაისის ბიუჯეტი იმერეთის რეგიონში შემავალ თერთმეტივე რაიონის ჯამურ ბიუჯეტზე ბევრად მეტია. ამდენად, ეს შედარება რბილად რომ ვთქვათ, არაკვალიფიციურობის შთაბეჭდიელბას ტოვებს"–ნათქვამია წერილში.

ქუთაისის მერია წერილში ასევე მიუთითებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისის მერიასა და იმერეთის სხვა რაიონების მუნიციპალიტეტებში პრემია–დანამატის გაცემის თარიღი ერთმანეთს ემთხვევა და ეს დღეები ძირითადად სადღესასწაულო დღეებია, სიმართლეს არ შეესაბამება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" ქუთაისის ოფისში ამბობენ, რომ კვლევაში ცვლილებები არ შევა. მათი თქმით, თუ ქუთაისის მერია მათ მიაწვდის დამატებით ინფორმაციას გაცემული პრემიისა და დანამატის შესახებ, ანგარიშს მხოლოდ ეს მონაცემები დაემატება.

არასამათავრობო ორგანიზაციამ კვლევის შედეგები მიმდინარე წლის 13 მარტს გამოაქვეყნა.
Print