ახალი ამბები
კორპუსის თავმჯდომარე, საიდანაც ჩამონგრეულმა ფასადმა გოგონა იმსხვერპლა, გადადგა
FaceBook
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის #10–ში, შენობის სახურავიდან კედლის ნაწილის ჩამოშლის გამო 12 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ, კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ პოსტი დატოვა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბადრი ცირეკიძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ამ გადაწყვეტილების მიღებას ადრეც გეგმავდა.

"ასეთ საქმეს ჯანმრთელი ადამიანი სჭირდება. ჩემმა მეუღლემ ერთი წლის წინ გადაიტანა ინსულტი, რის გამოც, ადრეც გეგმავდა გადადგომას, მაგრამ ამ მოვლენებმა დაასწრო", – ამბობს ბადრი ცირეკიძის მეუღლე.

მისი თქმით, ბადრი ცირეკიძეს გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს.

ჯერჯერობით პოსტი ოფიციალურად არ ჩაუბარებია კორპუსის ამხანაგობის ახალ თავმჯდომარეს, თემურ კუპრაშვილს. 

"ბადრი ცირეკიძესაც არ დაუტოვებია ჯერჯერობით პოსტი. მომავალი კვირიდან შევუდგები მე მუშაობას",–ამბობს თემურ კუპრაშვილი.

მომხდარიდან  17 დღის შემდეგ, კორპუსის ის ნაწილი, საიდანაც პარაპეტი ჩამოიშალა,რკინის ჯებირებითაა შემოსაზღვრული.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის # 10–ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფასადიდან ნალესი კედლის ჩამონგრევის შედეგად 12 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს კორპუსის მცხოვრებლები ირჩევენ. მას მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის კოორდინაცია ევალება.
Print