ახალი ამბები
ქუთაისში 101 სული მსხვილფეხა პირუტყვი დააკავეს
FaceBook
ქუთაისში, ბოლო 5 თვეში 101 სული მსხვილფეხა დააკავეს. ქალაქის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ მყოფი რქოსანი პირუტყვის დაკავებას და შემდგომში მათ საჯარიმო სადგომზე გადაყვანას მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ "სპეციალური სერვისები" ახორციელებს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ისინი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამოსულ პირუტყვს აპატიმრებენ.

"ესენი არიან პირუტყვები, რომლებიც გაზონებზე და ქალაქის ცენტრში გადმოდიან საბალახოდ, რაც ქალაქის იერსახისთვის არ არის ლამაზი", - ამბობს ააიპ "სპეციალური სერვისების" წარმომადგენლი, გიორგი მჟავანაძე.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი დაკავებული პირუტყვის პატრონი რამდენიმე დღით არ გამოჩნდება, საქონელს საკვებით უზრუნველყოფენ.

"მაქსიმუმ 1 კვირა გაჩერდეს ჩვენთან პირუტყვი. პატრონი, როგორც წესი, მეორე დღესვე აკითხავს თავის მსხვილფეხა საქონელი", - ამბობენ გიორგი მჟავანაძე.

აიიპ სპეციალურ სერვისებში განმარტავენ, საჯარიმო ინფრასტრუქტურა ადრე არ არსებოდა და დაკავებულ პირუტყვს მინდორში ამყოფებდნენ. ამ დროისთვის კი, ავტოქარხნის უბანში გახსნილ უმეთვალყურეო ცხოველთა თავშესაფარში ხდება მათი გადაყვანა.

"ახლახანს გახსნილ თავშესაფარში ცალკეა ძაღლთა ვოლიერი და ცალკე ადგილია გამოყოფილი მსხვილფეხა საქონლისთვის," - აღნიშნავენ "სპეციალურ სერვისებში".

უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლით არის განსაზღვრული, რაც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევას ითვალისწინებს.

ქალაქის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში მეპატრონე ჯარიმდება 20 ლარით, ხოლო ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე ყოფნის შემთხვევაში - 50 ლარით.


Print