ახალი ამბები
„ბახი მეტროში“- კლასიკური მუსიკა აკადემიური სივრციდან ქუჩაში
FaceBook
გერმანელი კომპოზიტორის, იოჰან სებასტიან ბახის დაბადებიდან 332-ე წელი საქართველოში ღია ცის ქვეშ ჩატარებული კონცერტით აღნიშნეს.
აქცია-კონცერტში, რომელიც "ახალ ტიფლისში" 18 მარტს ჩატარდა, პროფესიონალ შემსრულებლებთან ერთად ქუთაისელმა 7  წლის ქრისტი ყურაშვილმა დაუკრა.

ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლის, გიული მოწონელიძის  პირველი კლასის მოსწავლემ,  ბახის პრელუდია რე მინორი შეასრულა.

“Bach in the Subways" – ანუ "ბახი მეტროში" - ამ სახელწოდებით საერთაშორისო პროექტის ფარგლებში უკვე მერვე წელია იოჰან სებასტიან ბახის მუსიკა ერთდროულად 40-ზე მეტი ქვეყნის 150 ქალაქში, ღია ცის ქვეშ ისმის.
საქართველო ამ აქცია-კონცერტს სამი წლის წინ შეურთდა.

ყოველი წლის 18 -21 მარტს, ბახის დაბადების დღეზე, მათთვის, ვისაც მისი გენიალური მუსიკის ცოცხალი შესრულებით მოსმენა არ შეუძლია ან ამ დრომდე ფიქრობდა, რომ ბახი მხოლოდ აკადემიურ სივრცეში უნდა მოესმინა, ბახის კომპოზიციებს ქუჩაში უკრავენ.

პროექტის მთავარი მიზანი სწორედ ბახის მუსიკის იმ ადამიანებამდე მიტანაა, ვინც მიიჩნევს, რომ კლასიკური მუსიკის მოსმენას განსაკუთრებული გარემო სჭირდება.

"ბევრია ისეთი, ვინც სწორედ ამ კონცერტების შემდეგ დაიწყო ბახის მოსმენა. აქციის მიზანიც ესაა, გამოიყვანოთ ადამიანები აკადემიური სივრციდან და უფრო მეტად პოპულარული იყოს ბახის შემოქმედება. წელს ბევრმა გვითხრა, რომ შარშანაც იყვნენ ჩვენს კონცერტზე, რაც მისასალმებელია"- ამბობს “Bach in the Subways”-ის ორგანიზატორი საქართველოში, ანა ვაშაყმაძე.

არააკადემიურ სივრცეში ბახის მუსიკის პოპულარიზაციას საფუძველი 2010 წელს ამერიკელმა ჩელისტმა, დეილ ჰენდერსონმა ჩაუყარა. მან პირველმა დაიწყო ბახის კომპოზიციების დაკვრა მეტროში. მან უარი თქვა ყველანაირ შემოწირულობაზე და დღეს “Bach in the Subways” საზოგადოებრივი ორგანიზაცია 100%-ით მოხალისეებისგან შედგება.

ახლა უკვე ბახს უკრავენ სავაჭრო ცენტრში, ქუჩაში, ეკლესიაში, სკოლაში, აეროპორტში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, იქ სადაც წესით კლასიკური მუსიკა არ უნდა იყოს.

"ეს არის საჩუქარი მათთვის, ვისაც ბახის მოსმენა უნდა"- ამ სლოგანით აქციის მონაწილეები ქუჩაში გამვლელებს ბახის შემოქმედებას ყოველწიურად ჩუქნიან.




Print