ახალი ამბები
ქუთაისში მოსწავლეთა უფასო სამედიცინო გამოკვლევები 1 აპრილიდან დაიწყება
FaceBook

ქუთაისის კერძო დ საჯარო სკოლის  13 066 მოსწავლეს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. უფასო გამოკვლევები შპს "ქუთაისის ბავშვთა და მოზრდილთა №4 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრში"  მოხდება.

სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრს ეს პასუხისმგებლობა მერიის მიერ გამოცხადებული ტენდრის გზით დაეკისრა. 

ცენტრი მოსწავლეებისთვის სამედიცინო გამოკვლელების ჩატარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 9741 ლარს მიიღებს.

შპს "ქუთაისის ბავშვთა და მოზრდილთა №4 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრში" I და III კლასის 5791 მოსწავლეს სქოლიოზის და მასთან დაკავშირებული დაავადებების, თიაქარის, კრიპტორხიზმის და მასთან დაკავშირებული პათოლოგიების გამოვლენის მიზნით გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

II და IV კლასის 4 860 მოსწავლე კი, რეფრაქციასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების გამოსავლენად სამედიცინო პროფილაქტიკურ შემოწმებას გაივლიან.

ხოლო, VII კლასის 2415 მოსწავლეს, ფარისებრი ჯირკვლის პალპატორული გასინჯვა და პალპატორული გასინჯვით გამოვლენილი ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული და დოპლეროგრაფიული კვლევების კუთხით ადგილზე სკოლაში ჩაუტარდებათ დიაგნოსტიკა.

"ბავშვთა და მოზრდილთა №4 სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრში" აცხადებენ, რომ მოსწავლეთა სამედიცინო შემოწმებები მიმდინარე წლის 1 პარილს დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

"უკვე დავაგზავნეთ სკოლებში შეტყობინენები, იმისთვის, რომ მივიღოთ მოსწავლეთა სიები. დიაგნოზის დასმა და სკოლებში შეტყობინების დაგზავნა შემოწმებისთანავე მოხდება", - ამბობს "შპს ქუთაისის ბავშვთა და მოზრდილთა №4 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის" დირექტორი, დარეჯან პარუნაშვილი.

ქუთაისის მერიის მიერ მიმდინარე წლის 22 თებერვალს გამოცხადებულ ტენდერში სულ სამი სამედიცინო დაწესებულება იღებდა მონაწილეობას.

Print