ახალი ამბები
"ველოდებით პროცედურებს" - ქუთაისში, შესაძლოა, საქალაქო ტრანსპორტი 1 აპრილიდან გაძვირდეს
FaceBook
ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებსა და მერიას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები,  შესაძლოა,  მგზავრობის ღირებულების გაძვირებით დასრულდეს.
ქუთაისიპოსტის  ინფორმაციით, ქალაქის მერთან ტარიფის მომატებაზე შეთანხმება მიღწეულია.

"გაფიცვის მიზანი მიღწეულია.  ჩვენთან და ხაზების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ქალაქის მერი დაგვპირდა, რომ  1 აპრილიდან 10 თეთრით მოიმატებს მგაზვრობის ტარიფი",-ამბობს # 20 საავტობუსო ხაზზე დასაქმებული ერთ-ერთი მძღოლი.

გადამზიდავი კომპანია შპს "სამგზავრო 2007"-ს დირექტორი, ალეკო დვალიშვილი ქუთაისპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ ქალაქის მერს შოთა მურღულიას კონკრეტული გეგმა აქვს, თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე პროცედურებია გასავლელი.

"ველოდებით პროცედურებს. ჯერ  საკრებულომ უნდა გაიაროს ეს საკითხი, ათასი პროცედურაა დარჩენილი. შეხვედრა იყო როგორც მძღოლებთან, ასევე  გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან. ჩვენ უნდა წარვადგინოთ გრაფიკი, რომ საღამოს საათებში იმუშაოს ტრანსპორტმა,  ასევე, 8 წლამდე ბავშვების უფასოდ გადაყვანაზეა საუბარი და არის კიდევ სხვა  საკითხები.  რაც უნდა მოხდეს  ბიუჯეტი და  არაც მოსახლეობა დაზარალდება", - ამბობს ალეკო დვალიშვილი.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება და საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.

ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები მიმდინარე წლის 6 მარტს, დილიდან, გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის ღირებულების 0.10 ლარით გაზრდას ან ყოფელდღიური გეგმის 10 ლარით შემცირებას ითხოვდნენ.

გაფიცვის პირველ დღეს, ქუთაისში, წითელ ხიდთან, შეკრებილ მძღოლებს, ქუთაისის მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ. მაშინ ვიცე-მერმა, კოტე ქავთარაძემ და მერიის ტრასპორტის განყოფილების უფროსმა, ირაკლი ცხვედიანმა მათ საინიციატივო ჯგუფის შექმნა შესთავაზეს.

საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, თუმცა ჯგუფის წევრებისა და მერიის წარმოამდგენლების დაახლოებით 2 საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა. გაფიცვის მეორე დღეს კი, მძღოლებმა მგზავრობის ღირებულება 0.10 ლარით თვითნებურად გაზარდეს, რასაც მერიის მხრიდან სამარშუტო ხაზის მფლობელების დაჯარიმება მოჰყვა.
მძღოლების განმარტებით, მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობაში განუმარტეს, რომ ქალაქის მერის (რომელიც მძღოლების გაფიცვის მომენტში ქვეყანაში არ იმყოფებოდა) ჩამოსვლას დალოდებოდნენ. 

ამ დროისთვის ქუთაისის მერიის მიერ 42 მიკროსაავტობუსო და 10 საავტობუსო ხაზზეა ნებართვა გაცემული. ქალაქში მგზავრთა გადაყვანას ყოველდღიურად 160 საქალაქო მიკროავტობუსი და 70 ავტობუსი ემსახურება.


ამავე თემაზე:

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები

"არ გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე (ფოტო)

"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს

"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა გრძელდება

ქუთაისში მეორე დღეა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან

შეწყვეტილი გაფიცვა და 10 თეთრით გაძვირებული ტრანსპორტი ქუთაისში

"დაჯარიმება და გაფიცვა არავის უნდა" - გადამზიდი კომპანიები მერიის სანქციებზე
Print