ახალი ამბები
საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ნარკოტიკების ნაწილობრივ ლიბერალიზაციას ითვალისწინებს
FaceBook
საქართველოს მთავრობის სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცეს.

იგი  ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციას ითვალისწინებს და კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით დამზადების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აუქმებს.

აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და 2016 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მოწონებული გახლდათ.
საკანონმდებლო ცვლილებები არ ითვალისწინებს მარიხუანისა და კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციას.

შესაბამისი ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, აგრეთვე, კანონებში: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"; "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"; "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ".

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების შემთხვევაში, სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან შედარებით, უფრო მსუბუქი სახდელი წესდება და შეუძლებელი ხდება ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილება გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში 70 გრამამდე, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში − 140 გრამამდე, და მცენარე კანაფის შემთხვევაში − 140 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და პირადი მოხმარებისთვის. თუმცა, ამ ქმედებებისათვის თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა დიდი ან განსაკუთრებით დიდია.

ლიბერალური პოლიტიკა ვრცელდება არა მხოლოდ მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო შეძენასა და შენახვაზე, არამედ დამზადებასა და გადაზიდვაზეც, ასევე, ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირებაზეც. გაცილებით უფრო ლიბერალური სანქციები შემოდის მარიხუანისა და მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების შემთხვევებშიც. კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში, სხვა სანქციებთან ერთად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით (ნაცვლად მოქმედი 4-7 წლისა), ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის დროს − 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა (ნაცვლად მოქმედი 6-12 წლისა).


ამავე თემაზე:

ნარკოტესტირების მსხვერპლი და "ნარკოპოლიცია" საქართველოში (ვიდეო)
პროტესტი ნარკოპოლიტიკას - გადაცემა (ქუთაისიპოსტის სტუდია)
„სახელმწიფო რასაც თავაზობს ნარკოდამოკიდებულ ადამიანს - დასჯაა“

Print