ახალი ამბები
ქუთაისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგური "მაქსიმუმი" დააყაჩაღეს. შემთხვევა 15 მარტს 22:20 საათზე მოხდა.  ობიექტიდან 1 300 ლარია წაღებული.  

ბენზინგასამართსადგურის თანამშრომლები ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ სამი შეიარაღებული პირი დაესხა თავს, რომლებმაც გაქცევა მოასწრეს.

"ერთი მორიგე ოპერატორი მუშაობდა. როგორც მან გვითხრა სამი ნიღბიანი შეიჭრა სადგურში, რომლებმაც თანხის წაღების შემდეგ გაქცევა მოასწრეს. თანამშრომელმა მაშინვე გამოუძახა პატრულს და მალევე მოვიდნენ. პირველად მოხდა ჩვენთან მსგავსი შემთხვევა. აქ კამერები გვაქვს და იმედია გამოძიება მალე დაადგენს მათ ვინაობას ", - ამბობს "მაქსიმუმის" მენეჯერი, დავით ასათიანი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც თავისუფლების ექვსიდან ცხრა წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
ქუთაისიპოსტი თემაზე მუშაობას აგრძელებს და სიახლეებს შემოგთავაზებთ. 

Print