ახალი ამბები
კლინიკა „ბომონდში“ გარდაცვლილი გოგონას ოჯახს მინისტრთან შეხვედრაზე უარი უთხრეს
FaceBook
ქუთაისში, სამედიცინო კლინიკა "ბომონდში" საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 23 წლის ლანა მიქაბერიძის ოჯახს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე უარი უთხრეს.
გარდაცვლილი გოგონას დედის, მთავრისა მიქაბერიძის თქმით, მას სამინისტრომ უარის შესახებ პასუხი ოფიციალური წერილით აცნობა.

იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დავით სერგეენკოსთან შეხვედრას ვერ მოახერხებს, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციების გამართვას გეგმავს.

"წერილში წერია, რომ ამ ეტაპზე ვერ შეგხვდებათო,  თუმცა, არ არის განმარტებული მიზეზი. მე არ გავჩერდები, ყველამ, ვისაც ბრალი მიუძღვის ჩემი შვილის გარდაცვალებაში, პასუხი უნდა აგოს. კიდევ ერთხელ შევეცდები სერგეენკოსთან შეხვედრას და თუ უარი მითხრეს, აქციებს დავიწყებ სამინისტროსთან. სხვა გზა არ მაქვს", – ამბობს გარდაცვლილის დედა, მთვარისა მიქაბერიძე.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში  ქუთაისიპოსტთან  საუბარში ამბობენ, რომ მინისტრს დატვირთული რეჟიმი აქვს,   თუმცა, წერილი რეაგირების გარეშე არც ერთ შემთხვევაში არ დარჩებოდა.

"მინისტრი ინდივიდუალურად ვერ ხვდება ხოლმე მოქალაქეებს, მაგრამ კონკრეტული სამსახური შეისწავლის ასეთ საკითხებს ყოველთვის და ეს შემთხვევაც გადაგზავნილია რეგულირების სააგენტოში. წერილში, რომელიც  ლანა მიქაბერიძის ოჯახმა მიიღო, აუცილებლად იქნება მითითებული, რომ შესაბამის სამსახურს აქვს გადაცემული საქმე, რაც ნიშნავს იმას, რომ თავისთავად მინისტრიც არის საქმის კურსში ჩაყენებული", – აცხადებენ სამინისტროში.

საქმეზე უკვე არსებობს ექსპერტიზის პირველადი დასკვნა, სადაც გოგონას გარდაცვალების მიზეზად სისხლდენა სახელდება.

23 წლის ლანა მიქაბერიძე კლინიკა "ბომონდში" საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ექიმი, მამუკა მიქაძე, რომელმაც პაციენტს ორი ოპერაცია ჩაუტარა, მომხდარში მის ბრალეულობას გამორიცხავს.

Print