ახალი ამბები
ამერიკა თოვლ-ქარბუქს ებრძვის
FaceBook
14 მარტის ქარბუქი შეერთებულ შტატებში 18 მილიონ ადამიანს უფრთხობს სიმშვიდეს.

7800-ზე მეტი ფრენა გაუქმდა ორშაბათ საღამოდან ოთხშაბათის ჩათვლით, ათასობით სკოლა დაიხურა.

ზამთრის შტორმის მონიტორინგის ქვეშაა შტატები ოჰაიოდან ვესტ ვირჯინიამდე და მეინამდე.

ადგილობრივი და შტატის ხელისუფლება აფრთხილებს მოსახლეობას თავი შეიკავონ არა აუცილებელი მოგზაურობიდან, რადგან ქარის სიჩქარე 95 კილომეტრ საათამდე გაიზრდება და ამას ნულოვანი ხედვადობა დაემატება.

ქარბუქის გაფრთხილება ჯერ კიდევ ორშაბათ საღამოდან ძალაში შევიდა პენსილვანიის, ნიუ ჯერსის, ნიუ-იორკის და სხვა 6 შტატის მიმართ.

ორ ფიტამდე (60 სანტიმეტრამდე) თოვლს ელოდებიან პენსილვანიისა და ნიუ-იორკის შტატის ჰუდზონის მთებსა და ვერმონტისა და ნიუ ჰემპშირის მიდამოებში.

საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა მერილენდის, ვირჯინიის, ნიუ იორკის, ნიუ ჯერსისა და პენსილვანიის შტატებში.

ბოსტონში, ბალტიმორში, ფილადელფიასა და ნიუ-იორკ სითიში სკოლები დახურულია, სხვა სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად.
მუშაობა შეაჩერა აგრეთვე საქართველოს საელჩომ ვაშინგტონში და გენერალურმა საკონსულომ ნიუ-იორკში.

ჯერ კიდევ სამშაბათის დილის 8 საათისთვის ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში 10 სანტიმეტრამდე თოვლი იყო.
"ამთრაქმა" - შეწყვიტა სარკინიგზო მიმოსვლა ბოსტონსა და ნიუ-იორკს შორის.

მასაჩუსეტის მთელ რიგ რეგიონებში თოვლის საფარის სიმაღლე 60 სანტიმეტრს აღწევს.

დეკლარირებული საგანგებო სიტუაცია აგრეთვე ითვალისწინებს, რომ ყველა ის მანქანა იქნას ევაკუირებული, რომლებიც არტერიულ ქუჩებსა და გამზირებზე იქნებიან დაყენებულნი.

დიდ სუპერმარკეტებსა და ადგილობრივ მაღაზიებში მრავლად ნახავდით დაცარიელებულ თაროებს ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა წყალი, პური, რძე…

უჩვეულოდ საინტერესო იყო კონეკტიკუტის გუბერნატორის განცხადების ფორმა და სტილი: "სადაც არ უნდა იყოთ სამშაბათს მზის ამოსვლამდე, იმედი გვაქვს დარჩები შტორმის დასრულებამდე და სამშაბათს ღამემდე".

ვირჯინიის პორტში მუშაობა შეწყვიტა სასაზღვრო სანაპირო დაცვის სამსახურმაც, ქარის გამო შეუძლებელი გახდება წვდომა მეზღვაურებთანაც.

შტორმს საკუთარ "ტვიტერში" გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტრამპიც: "ყველა, აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, ვალდებულია უსაფრთხოდ იყვნენ და მოუსმინონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რადგან ზამთრის ძლიერი შტორმი გვიახლოვდება".

დღევანდელ შტორმს უკვე მსხვერპლიც ახლავს: ორი მამაკაცი გულის შეტევით მაშინ გარდაიცვალნენ, როცა საკუთარ ეზოებს თოვლავდნენ.



Print