ახალი ამბები
კორპუსი, საიდანაც კედლის ნაწილი ჩამოიშალა, ბოლოს 2012 წელს შეკეთდა
FaceBook
ქუთაისში, აბაშიძის # 10–ში მდებარე კორპუსი, რომლის სახურავიდან ნალესი კედლის ჩამონგრევის შედეგად 12 წლის გოგონა გარდაიცვალა, კორპუსის მცხოვრებთა თქმით, ბოლოს 2012 წელს შეკეთდა.

კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის, ბადრი ცირეკიძის თქმით, კორპუსზე პარაპეტის შეკეთება წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოითხოვეს, რაც შესრულდა, თუმცა, ხარვეზით.

"შეკრება იყო ხარისხის სახლში 2012–ში და მაშინ დავაყენეთ ეს საკითხი. მერე გააკეთეს, მაგრამ არ იყო კარგად გალესილი",– ამბობს ბადრი ცირეკიძე.

მისივე თქმით, კორპუსიდან კედლის ჩამონგრევა პირველი შემთხვევა არ ყოფილა და ასეთი ფაქტები ადრეც ხდებოდა.

"მანქანები დაუზიანა ხალხს. ადრეც ცვიოდა ნატეხები, მაგრამ ძალიან უჭირს ხალხს და ვერ ხერხდება ფულის შეკრება, რომ მოვაგვაროთ ასეთი პრობლემები", – ამბობს ბადრი ცირეკიძე.

აბაშიძის ქუჩა გამარჯვების ოლქს ეკუთვნის. მისი  მაჟორიტარი დეპუტატი, ნატო ქათამაძე ამბობს, რომ აბაშიძის ქუჩის მცოხვრებლებს ეს პრობლემა მასთან შეხვედრაზე არასდროს დაუყენებია.

"2014 წლიდან, მას შემდეგ რაც ამ უბნის მაჟორიტარი ვარ განსაკუთრებით ხშირად ვხვდები ამ ქუჩის მცხოვრებლებს და მსგავსი პრობლემა არ დაუყენებიათ არასდროს. სამწუხაროდ ადამიანები არ აქცევენ ყურადღებას ასეთ პრობლემებს და მხოლოდ მომხდარის შემდეგ რეაგირებენ",  –ამბობს ნატო ქათამაძე.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ  ბოლო ოთხი წლის განმავლობაში  აბაშიძის ქუჩა #10-ის  კოპრუსის მცხოვრებლებს, ფასადის რეაბილიტაციის თხოვნით არ მიუმართავთ.  

Print