ახალი ამბები
მესაკუთრეს, რომელმაც ქუთაისში ისტორიული შენობის დერეფანი გადაღება, გაფრთხილება მიეცა
FaceBook
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფმა კერძო მესაკუთრეს, სამუშაოების შეჩერების შესახებ, გაფრთხილება მისცა.
საუბარია, ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე ყოფილი ე.წ "დეკის ბაღის" ისტორიულ შენობაზე. მისმა მესაკუთრემ დერაფანი თვითნებურად გადაღება, რის შედეგადაც კედლებზე სიძველის კვალი წაიშალა.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფმა შენობაში არსებული მდგომარეობა ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული მასალის შემდეგ შეისწავლა.

"ერთი თვის ვადაში სააგენტოში უნდა წარადგინოს ნებართვის მიღების შესახებ განაცხადი, რის შემდეგაც საბჭო გადაწყვეტს რა დაეკისრება მესაკუთრეს. სანებართვო პირობების მიხედვით, დერეფანი უნდა მოიყვანოს ისეთ მდგომარეობაში, რომ ძეგლთან იყოს ავთენტური," - განმარტავს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი, ლევან ჭავჭავაძე.

მისივე ინფორმაციით, თუკი მესაკუთრე ერთ თვეში სააგენტოს არ მიმართავს, მას 5000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ყოველ მომდვენო 6 თვეში კი ჯარიმა გასამმაგდება.

ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე ყოფილი ე.წ "დეკის ბაღის" ისტორიული შენობის მესაკუთრეს, ბადრი ბუხაიძეს სამუშაოების შესრულებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასიციაციის" ქუთაისის ფილიალში კი ამბობენ, რომ შესაძლოა, საქმეს დანაშაულის კვალიფიკაციაც კი ჰქონდეს.

"თუკი ძეგლის ან მისი ნაწილის იმგვარი სახეცვლილება მოხდა, რომელიც აუარესებს ძეგლის მდგომარეობას ან აღქმას, მაშინ საერთოდ დანაშაულთან გვაქვს საქმე," - განმარტავს საია-ს ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი სანტურიანი.

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე ე.წ ყოფილი "დეკის ბაღის" შენობა 1902 წელს აშენდა. 1903-1938 წლებში ამ სახლში ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე გაბო გოკიელი, 1938-1952 წლებში კი ლადო მესხიშვილისა და კოტე მარჯანიშვილის თეატრების რეჟისორი, დოდო ანთაძე ცხოვრობდა.

შენობას 2008 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

Print