ახალი ამბები
"არ შევეგუებით ნაგავსაყრელის აშენებას"- ჭოგნარის მცხოვრებლების აქცია ქუთაისის მერიასთან
FaceBook

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლების აქცია მიმდინარეობს.


აქციის მონაწილეები მათ სოფელში ნაგავსაყრელის აშენებას აპროტესტებენ.

 

მათი თქმით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა და ისინი საქართველოს პარლამენტთან მასშტაბური აქციების დაწყებით იმუქრებიან.

"500 მეტრიანი ბუფორი არის დაუშვებელი. ჩვენს აზრს არ ითვალისწინებენ. ვითვალისწინებთო მხოლოდ სპეციალისტების აზრს ასე გვეუბნება მერია",-ამბობს აქციის მონაწილე, ბერდია ცხადაბერიძე.

"ჩვენ არ შევეგუებით ამ ნაგავსაყრელის აშენებას. ხალხს საქონელი ყავს და პრაქტიკულად საბალაქო ადგილი აღარ რჩება", - ამბობს ლია ნოსერიძე.

მათი აზრით, ნაგავსაყრელიდან ნაჟური წლები სასმელ წყალს შეერევა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ისინი თვლიან, რომ გარდა ამისა, ნარჩენებს ქარი გადაიტანს და გარემო დაბინძურდება.

ჭოგნარში მცხოვრებლების გარდა, ნაგავსაყრელის მშენებლობას რამდენიმე სოფლის მოსახლეობაც აპროტესტებს.

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობისთვის სოფელ ჭოგნარში 36 ჰა მიწის ფართობი შეირჩა.
პროექტს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანია", გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ახორციელებს.

ნაგავსაყრელის მოსაწყობად ნებართვის მისაღებად "მყარი ნარჩენების კომპანიაში" გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე უკვე მუშაობენ, რომელსაც შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტროში წარადგენენ. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ნებართვაზე საბოლოო თანხმობა ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს.

"მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში" ვარაუდობენ, რომ ეს პროცედურები სავარაუდოდ 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება და მშენებლობაც ამ დროისთვის დაიწყება.

ახალი ნაგავსაყრელი 700 000 მოქალაქეს მოემსახურება. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ ევროს შეადგენს, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და ვარაუდობენ, რომ 2019 წლისთვის დასრულდება.

 

Print