ახალი ამბები
სოფელ ჭოგნარში ნაგავსაყრელის მშნებლობას ქუთაისის მერიასთან აქციით გააპროტესტებენ
FaceBook
სოფელ ჭოგნარში რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის საწინააღმდეგოდ მოსახლეობა ქუთაისის მერიასთან აქციას გამართავს.
ისინი ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე წლის 9 მარტს 12 საათზე შეიკრიბებიან.

ჭოგნარში მცხოვრებლების გარდა, ნაგავსაყრელის მშენებლობას რამდენიმე სოფლის მოსახლეობაც აპროტესტებს.

ადგილობრივები მერიას პეტიციას წარმოუდგენენ, რომელსაც ხელს 3000-მდე პირი აწერს.

მათი აზრით, ნაგავსაყრელიდან ნაჟური წლები სასმელ წყალს შეერევა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ისინი თვლიან, რომ გარდა ამისა, ნარჩენებს ქარი გადაიტანს და გარემო დაბინძურდება.

ადგილს, სადაც ნაგვსაყრელი უნდა მოეწყოს, მოსახლეობა ამჟამად საძოვრებისთვის იყენებს. ისინი, ასევე, თვლინ, რომ საქონელი, ნაგავსაყრელის მოწყობის შემდეგ, ამ ტერიტორიებზე ვეღარ იბალახებს, რადგან ნარჩენები მათთვის საშიშროებას წარმოადგენს.

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობისთვის სოფელ ჭოგნარში 36 ჰა მიწის ფართობი შეირჩა.
პროექტს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანია", გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ახორციელებს.

ნაგავსაყრელის მოსაწყობად ნებართვის მისაღებად "მყარი ნარჩენების კომპანიაში" გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე უკვე მუშაობენ, რომელსაც შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტროში წარადგენენ. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ნებართვაზე საბოლოო თანხმობა ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს.

"მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში" ვარაუდობენ, რომ ეს პროცედურები სავარაუდოდ 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება და მშენებლობაც ამ დროისთვის დაიწყება.

ახალი ნაგავსაყრელი 700 000 მოქალაქეს მოემსახურება. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ ევროს შეადგენს, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და ვარაუდობენ, რომ 2019 წლისთვის დასრულდება.
Print