ახალი ამბები
ქუთაისში შეფუთული პალმების გახსნა მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე შეფუთული პალმების გახსნა მიმდინარეობს.

სამუშაოებს შპს „ქალაქსერვისი“ აწარმოებს.

კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პალმების გახსნა ეტაპობრივად მიმდინარეობს და ერთ კვირაში დასრულდება.

„როგორც კი ტემპერატურამ აიწია და დათბა, დავიწყეთ შეფუთვის მოხსნა,“ - ამბობს გურამ გიორგაძე.

აღმაშენებლის გამზირზე 310 ძირი ვაშინგტონის ჯიშის პალმების ხეივანი 2011 წელს გაშენდა. მათი შეფუთვა ყოველწლიურად დეკემბერში ხდება, გახსნა კი მარტის დასაწყისში იწყება.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანზე არსებული პანდუსების სარეველა ბალახებისაგან გაწმენდაც მიმდინარეობს.

შპს "ქალაქსერვისი", ასევე, ქუთაისის ცენტრალურ ბაღსა და სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ სკვერებში სანაგვე ყუთების მონტაჟს ახორციელებს, რომელიც ერთ კვირაში დასრულდება.

ქუთაისის ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოვლა-პატრონობისა და ექსპლოატაციისთვის "ქალაქსერვისი" მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში (SPA160030113) გამარჯვებულია. დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას ეს ვალდებულება ერთი წლის განმავლობაში ეკისრება. 551 014 ლარად შეფასებული ელექტრონული შესყიდვა გასული წლის 6 დეკემბერს გამოცხადდა. მერიამ "ქალაქსერვისთან" ხელშეკრულება, საბოლოოდ, 540 000 ლარზე გააფორმა.

Print